მაკა ბოჭორიშვილი გაეროში: საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობადი ოკუპაცია ჩვენს ყოველდღიურ რეალობად რჩება. სწორედ ამიტომ ვიცით მშვიდობის ფასი. ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საძირკველია. სწორედ ეს გააზრება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით სულ უფრო არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში

მაკა ბოჭორიშვილი

დიდი პატივია მშვიდობის მშენებლობის კომისიის ამ მინისტერიალში მონაწილეობა და დისკუსიაში ჩართვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ეროვნული პასუხისმგებლობა და მშვიდობის მშენებლობის საერთაშორისო მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობადი ოკუპაცია ჩვენს ყოველდღიურ რეალობად რჩება.

„გაეროს დაარსებიდან რვა ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგაც, მშვიდობა ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს კოლექტიურ პასუხისმგებლობად რჩება. საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ათწლეულებია, ომისა და კონფლიქტის შედეგების პირობებში ვცხოვრობთ და მათი გავლენა დღემდე მწვავედ აისახება ჩვენს საზოგადოებაზე. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობადი ოკუპაცია ჩვენს ყოველდღიურ რეალობად რჩება.

სწორედ ამიტომ ვიცით მშვიდობის ფასი. ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საძირკველია. სწორედ ეს გააზრება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით სულ უფრო არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, ხოლო ახლო აღმოსავლეთი მძიმე არასტაბილურობის მორიგ ტალღას გადის, რაც გავლენას ახდენს ენერგეტიკაზე, ვაჭრობასა და უსაფრთხოების ფართო გარემოზე. ამ კონტექსტში, ქვეყნის შიგნით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული ინტერესის საკითხია.

ჩვენი პოზიცია უცვლელია: ერთგულნი ვრჩებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობის პოლიტიკის. ამასთანავე, ჩვენ ვნახეთ, თუ რა ხდება შესაძლებელი მაშინ, როდესაც ქვეყანას ძალუძს შეინარჩუნოს სტაბილურობა და თავისი ენერგია მომავალზე მიმართოს.

საქართველომ შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, არსებითად შეამცირა სიღარიბე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მდგრადი განვითარების მიმართულებით. სტაბილურობამ მოგვცა შესაძლებლობა, ინვესტიციები განგვეხორციელებინა ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და დაკავშირებადობაში. ეს არ არის მხოლოდ განვითარების სფეროში მიღწეული წარმატებები, ეს იმის დასტურია, თუ რისი შესაძლებლობა მოაქვს მშვიდობას.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული პასუხისმგებლობა და სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მას ვერ ექნება ეროვნული პასუხისმგებლობის ჩანაცვლების პრეტენზია. მდგრადი მშვიდობა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ ინსტიტუტებს, ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლების პატივისცემას, თავად განსაზღვროს საკუთარი განვითარების გზა. ეს ასევე მოითხოვს საზოგადოების ნდობასა და ჩართულობას.

იმ დროს, როდესაც არასტაბილურობა მეზობელ რეგიონებს აზარალებს, უფრო მშვიდობიანი და პროგნოზირებადი სამხრეთ კავკასია შექმნის ბევრად დიდ შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების, თანამშრომლობისა და დაკავშირებადობისთვის. სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში მიღწეული ბოლოდროინდელი პროგრესი მნიშვნელოვანია როგორც ამ ორი ქვეყნისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის.

საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ინვესტიციებს იმ ინფრასტრუქტურასა და კავშირებში, რომლებიც რეგიონს ფართო საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს. უფრო სტაბილური სამხრეთ კავკასია გააძლიერებს ამ შესაძლებლობებს და წვლილს შეიტანს მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ ვიცით კონფლიქტის ფასი და ისიც ვიცით, რისი აშენების შესაძლებლობას გვაძლევს მშვიდობა. სწორედ ამიტომ, მშვიდობა რჩება არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების, არამედ განვითარების პრიორიტეტად და მომავალი თაობების წინაშე აღებულ ვალდებულებად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.