1732386875
მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილე მიულოცა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად მონაწილეობას ვიღებ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
პირველ რიგში, მსურს აღნიშნული საიუბილეო თარიღი მთელი გულით მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს.
განსაკუთრებით საამაყოა, რომ დღეს ასეთ გამორჩეულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უკვე მეშვიდედ მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი სამეცნიერო ტრადიციების მქონე საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს.
დაარსებიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდეს როლს ასრულებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, რაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობის მიზნით. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან და მათთან პარტნიორობით მჯერა, კიდევ არაერთ ქმედით ნაბიჯს გადავდგამთ ქართველი მეცნიერების მხარდაჭერისა და უცხოელ პარტნიორებთან სამეცნიერო კავშირების გაძლიერების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ეპოქაში უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერასთან ერთად, ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რასაც ბოლო წლებში განხორციელებული ყოვლისმომცველი რეფორმები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ცხადყოფს.
მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა მიიღო ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია. ეს გახლავთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური აკრედიტაციის მოპოვება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებას სთავაზობს, რაც მათ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.
კიდევ ერთხელ, ყველას, საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეულ წევრს გილოცავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილეს, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ მომავალ საქმიანობაში!“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ გახსნა.
ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების სტუდენტები, დოქტორანტები და პროფესორ-მასწავლებლები.
სიტყვით გამოსვლებისა და პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეები მუშაობას სექციების მიხედვით აგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო თემატიკის გათვალისწინებით ჯამში 14 სექციაა წარმოდგენილი.
საერთაშორისო კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა ხვალ, 5 ნოემბერს გაიმართება, რითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ოფიციალურად დაიხურება.