"მე არ მაქვს საფუძველი, რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს?" - გიორგი ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე

გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი "ღამის კურიერის" ეთერში BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა. საუბარია სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შარშანდელ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, აკრძალული ქიმიური ნივთიერება.

"მე არ მაქვს საფუძველი რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს? გასაგებია, ერთი წელი ეს ნიშნები არსებობდა. თვალები დაეწვათ ადამიანებს, იმიტომ, რომ თვალების წვის გამომწვევი და ხველების და სუნთქვის პრობლემების შემქმნელი ნივთიერებები გამოყენებული იქნა. რამდენჯერმე ვიხილეთ ეს ამბავი. მაგრამ, რეალურად, ჩვენ არავისგან არ გაგვიგონია, რომ ისეთი ნიშნები არსებობს, რომელსაც აქვს ამის [აკრძალული ნივთიერების] გამოყენების ფორმა. უცებ, ერთი წლის თავზე, გამოდის ვიღაც, ვინც თვითონვე მონაწილეობდა ამ ოპერაციების დაგეგმვაში და ორგანიზებაში, ვიგებთ, რომ თურმე ეს ინფორმაცია მიუწოდებია გიგაურის ორგანიზაციას და იმ ადამიანებს, ვინც სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

"ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს - დღეს ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ შარშანდელ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, აკრძალული ქიმიური აგენტი "კამიტე," იგივე ბრომობენზილ ციანიდი; გამოცემა წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა.