მათი სიტყვების ბრახა-ბრუხზე სერიოზული პასუხების გაცემა შეუძლებელია - თუ რამის მტკიცებულება აქვთ, წარადგინონ, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

ირაკლი ქადაგიშვილი

"ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, იქ ვერაფერს ვერ გამოიძიებ. ამიტომ ვამბობთ, რომ არის სიტყვების ბრახა-ბრუხი, ამ ბრახა-ბრუხზე ხომ არ შეიძლება სერიოზული პასუხები გავცეთ. შენ თუ რამე გაგაჩნდა, მიგეტანა, როგორც საჩივარი საარჩევნო კომისიაში. ვერ მიიტანე, იმიტომ, რომ არ გაგაჩნია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი საუბრობენ, რომ არჩევნები საერთაშორისო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში გამოძიება უკვე მიმდინარეობს და თუ რამე სამხილი გააჩნია ოპოზიციას, შეუძლია, მიიტანოს.

"ცოტა კლინიკურ შემთხვევასთან საქმე და არა რამე სამართლებრივ პროცესთან. აქედან გამომდინარე, არც საერთაშორისო რაიმე ორგანო არსებობს, არც რაიმე საერთაშორისო კონკრეტული რეზოლუცია ამასთან დაკავშირებით, არც რაიმე საერთაშორისო კანონმდებლობა და არც საქართველოს კანონმდებლობა არსებობს, ეს არის ახირების მორიგი ეტაპი. ის განცხადება, რომელიც ერთხელ გააკეთა ერთ-ერთმა უცხოელმა ჩინოვნიკმა, შეცვალა შემდეგ იმ ქვეყნის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა მთავარმა კომისარმა. თქვეს, რომ სახელმწიფომ ჩაატაროს გამოძიება. რატომ?! - იმიტომ, რომ ერთია ემოციური განცხადება და მეორე, როდესაც შენ რაღაც საკითხის კონკრეტული სამართლებრივი განხილვა და შედეგის დადება გჭირდება. ამიტომ, მეორე დღესვე გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის პირით გაკეთდა ეს განცხადება. ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, იქ ვერაფერს ვერ გამოიძიებ. ამიტომ ვამბობთ, რომ არის სიტყვების ბრახა-ბრუხი, ამ ბრახა-ბრუხზე ხომ არ შეიძლება სერიოზული პასუხები გავცეთ. შენ თუ რამე გაგაჩნდა, მიგეტანა, როგორც საჩივარი საარჩევნო კომისიაში, ვერ მიიტანე, იმიტომ, რომ არ გაგაჩნია. გამოძიებაც მიმდინარეობს პროკურატურაში, კარგი ენდობი, არ ენდობი მეორე თემაა, მიიტანე სამხილი. ხომ გამოჩნდება, ხალხი ხომ დაინახავს, სამხილი მიიტანა და გამოძიებამ არ გამოიძია, ან ვერ გამოიძია, მაგრამ მისატანი არ აქვთ არაფერი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.