მართლაც რომ ძალიან ემოციური დღეა, იმიტომ რომ ეს გამარჯვება პირველ რიგში სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ვულოცავ მთელს საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას - კალაძე

კახა კალაძე

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. მართლაც რომ ძალიან ემოციური დღეა, იმიტომ რომ ეს გამარჯვება პირველ რიგში სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მან ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს - საქართველოს ეროვნული ინტერესები, დაცული იყოს ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები და, რა თქმა უნდა, არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად.

მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს - ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდნენ და თავისი პრინციპულობით იდგნენ იქ, სადაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ მთელს საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, - განაცხადა კალაძემ.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,99 პროცენტით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი ჯამში 38.29% აქვს.