მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია

მარიამ ლაშხი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.

„ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია. 2007 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირი იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე, ამის ფონზე „იმედს“ არ შეუწყვეტია თავისუფალი სიტყვის, სიმართლის მიწოდება ჩვენი ხალხისათვის და მსგავსი ტიპის გაუფასურებული ინსტრუმენტი, რაც ე.წ. სანქციები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა გაჩერდეს”, - განუცხადა „ქრონიკას“ ლაშხმა.

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.