მამუკა მდინარაძემ მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ჩატიდან "სქრინები" წარუდგინა, რომლებშიც საუბარია ადგილებზე, სადაც უკვე მოხდა პროვოკაცია და ფიზიკური დაპირისპირება ან იგეგმება

მდინარაძე

მინდა გაგაცნოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებული იქნა პარტიულად - სუსი, უსაფრთხოების სამსახურები გამორიცხოთ აბსოლუტურად შეგიძლიათ. “ნაცმოძრაობის” ჯგუფებში ჩაყრილი ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, სიტყვასიტყვით „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მან წაიკითხა ე.წ. „სქრინები“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ჩათიდან მოიპოვეს და სადაც საუბარია იმ ადგილებზე, სადაც ოპოზიცია პროვოკაციებს და ფიზიკურ დაპირისპირებას გეგმავს, ან უკვე მსგავსი ქმედება განახორციელა. "ისინი წერენ, მე არ ვსაუბრობ ასე - „მეგობრებო, უსაქმურები და ბირჟავიკები, ცეცხლის ზარი დავცეთ ჩვენს დანახვაზე, არ დაუთმოთ არაფერი კანონსაწინააღმდეგო რასაც ნახავთ, 100 მეტრი დისტანცია არი დადგენილი კანონით და შეგიძლიათ ეს მოიშველიოთ, თქვენი აკრედიტაციები ბევრის უფლებას გაძლევთ. აკონტროლეთ ყველაფერი“. ანუ ძალადობის პირდაპირი მითითება, თან მათ ცემა-ტყეპას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რომ 100 მეტრის შიგნით დგახარ და უნდა გცემოო უნდა უთხრან ალბათ, ყველას აქვს რაღაც ბეიჯი თითქმის, ზონდერებს, ანუ სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით გადაადგილდებიან. ასევე სქრინები „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათიდან, სადაც უნდა მოხდეს ან მოხდა [პროვოკაცია].“ - განაცხადა მდინარაძემ.

მანვე მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მსგავსი დავალებების გაცემას თავი დაანებონ და აღნიშნა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არავის აქვს, ვინაიდან „ფეიკებით“ და 30-კაციანი ზონდერებით ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას ვერავინ შეცვლის. „ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობას“, თქვენი შიდა ჩათიდან იწერებიან ყოველწუთიერად რაღაცებს. ამიტომ, ახლა დავალებების გაშიფვრას თავი დაანებეთ, უკვე გაიშიფრეთ - ეს ერთი; მეორე, ამ პანიკასაც თავი დაანებეთ და ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი აქვს არავის. ამ ქვეყანაში, ასეთი მდაბიო ფეიკებით და 30-კაციანი ზონდერ-ჯგუფებით ვერავინ შეცვლის ამ ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას.

ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ პროვოკაციებს, იმით ნუ სარგებლობენ, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენს პარტიულ აქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლება - არავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ, ამავე დროს, ნუ სარგებლობთ მათი მოთმინებით და ასევე, ამომრჩევლის მოთმინებით. როგორც ჩანს, ჩვენი ამომრჩეველი ამ ჩვენს კეთილ, გულწრფელ მოწოდებას დაექვემდებარა და სანამ დედის გინებაზე და ცემა-ტყეპაზე არ გადადიან, პასუხს არ აძლევენ, წარმოიდგინეთ, ამ უბინძურეს პროვოკაციას. ამიტომ, ეს 30-კაციანი ჯგუფი რამდენს ივლის, მეტის რესურსი არ აქვთ, ანუ არ გვიფიქსირდება ისეთი მომენტები, რომ მთელ ქალაქში დადიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები. ერთი ჯგუფი დადის, ჯერ მივიდნენ ვაზისუბანში 163-ე სკოლასთან, წინა ბრიფინგზეც ვთქვი, შემდეგ წავიდნენ ისანში წმ. ბარბარეს ეკლესიასთან, ახლა წინასწარ გეუბნებით, ჩადიან დირსის დასახლებაში - ახლა გზიდან მიტრიალდებიან, თუ ვინმე დაურეკავს, მდინარაძემ ბრიფინგი გააკეთაო და ასე მოძრაობენ, დაბოდიალობენ წინ და უკან. ყველა ამომრჩეველზე პასუხს ვერ ვაგებთ, სხვათა შორის, ესეც შემიძლია გითხრათ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.