მამუკა მდინარაძე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის, ზეწოლისა და უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრის მიუხედავად

მამუკა მდინარაძე

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა და ზეწოლისა ქვეყნის გარედან თუ ქვეყნის შიგნით, მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ემიგრანტების მხარდაჭერას და იმ გაძლიერებულ ბულინგს, რაც უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ წარმოებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

„ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც, ასეთი მასშტაბური ბულინგის და ეს საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში განსანკუთრებულია, ამ ბულინგის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ – 5000-მდე ადამიანს განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი.საერთოდ არ მიკვირს უცხოეთში შედარებით დაბალი პროცენტი „ართული ოცნების“. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მხარდამჭერ გვერდზე რომ გაზიარდა ემიგრანტების ვიდეო, სადაც ისინი მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“, ვერ წარმოიდგენთ რას უშვებიან იმ ადამიანებს. რამდენიმე მათგანი დაგვიკავშირდა და გვიყვებიან, რომ ბულინგის მსგავსი მეთოდები ალბათ თქვენც კი, მანდ, საქართველოში ვერ წარმოგიდგენიათო. მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებს საკუთარი აზრი გააჩნიათ და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, ბულინგის ისეთ ქარ-ცეცხლში ატარებენ, რომ ლამის ცხოვრებაზე ააღებინონ ხალხს ხელი. გვიკავშირდებიან, გვეუბნებიან, რომ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ჩვენს ახლობელს და ნათესავს ასეთი რამ შეეძლო ჩვენს წინააღმდეგო. კიდევ კარგი პროცენტი და კიდევ კარგი რაოდენობაა. საზოგადოებას წარმოდგენა რომ ჰქონდეს, 25 000-მდე ადამიანი იყო მისული უცხოეთში საარჩევნო უბნებზე, ბევრს წარმოდგენა აქვს, ჰგონიათ, რომ ასიათასობით ადამიანი მიდის. არ მიდიან უბრალოდ, არ გაგიკვირდეთ. ამ ადამიანების მიმართ ბულინგის არაბუნებრივი და არაადამიანური მასშტაბი წარმოებს უცხო ქვეყნებში.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.