მაკა ბოჭორიშვილი:თუ ბრიუსელი ამ მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის, ეს ბრიუსელის კისერზე იქნება

მაკა ბოჭორიშვილი

თუ ბრიუსელი ამ მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის, იმისთვის რომ მან გააკეთა ის არჩევანი რაც გააკეთა, ეს ბრიუსელის კისერზე იქნება რამდენად შეძლებს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებას, მე იმედი მაქვს ეს მიმართულება ბრიუსელში ვერ გაიმარჯვებს , - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობაში ევროინტეგრაცია წლებია პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება.

„ასე იყო კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, ასე ვნახეთ გაგრძელება. რამდენად აზრიანია ამ იარაღის გამოყენება? არჩევნები მორჩა, ყველაფერი ეს ხომ გამიზნულია იმისთვის, რომ არჩევნებზე ხელისუფლების წინააღმდეგ გავლენა მომხდარიყო. ერთი არჩევნები დასრულდა, მეორე არჩევნები დასრულდა, უახლოეს პერიოდში მეტი არჩევნები აღარ იგეგმება, ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანია ამ იარაღის გასროლა საზოგადოებრივი განწყობების შესაცვლელად ან რევოლუციის მოსაწყობად?“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე წინ არიან.

„ესეც ტყუილია და ესეც არ დაიმალება, წარმოუდგენელია დაიჯერო, როგორ შეიძლება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე საქართველო ბევრად უფრო წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავია, ვერ დავიჯერებთ ამას. საქართველო ნამდვილად არ არის არავისზე უკან. ამ ანგარიშით უნდათ გაამართლონ ის სურათი, რომლის შექმნასაც დიდიხანია ცდილობენ. შეუძლებელია დაგვავიწყდეს, 2022 წელს როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ პარტნიორებს შორის. მაშინ ძალიან აქტიურად დაიწყო კამპანია, რომ საქართველო იყო მაჩანჩალა, ქართველი პოლიტიკოსები იყენებდნენ ასეთ სიტყვებს პარლამენტში. იგივე ხდება ახლაც“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.