ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
„ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ - ხშირად ხდება, რომ რეზოლუციებს ვუერთდებით, არის დოკუმენტები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, რაც ძვირფასია ჩვენთვის და რაც ეხება ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის დაცვას. აქ ჩვენ სუბიექტურებიც ვართ და ობიექტურებიც. პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამართლის ეს პრინციპები იყოს პატივცემული და დაცული. ეს ჩვენც გვეხება - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც ხელყოფილია და მნიშვნელოვანია, ვიყოთ თანმიმდევრულები, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე.“- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით მოლოდინები გაჩნდა, თუმცა ომი კვლავ გრძელდება.
„საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე მოლოდინები, რა თქმა უნდა, გაჩნდა გარკვეულწილად, როდესაც ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადად და ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გადაიდგას ნაბიჯები სამშვიდობო შეთანხმებისკენ. თუმცა ამ დრომდე ვხედავთ, რომ ომი გრძელდება და სამწუხაროდ, უკრაინაში კვლავ იხოცება ხალხი. ძალიან სამწუხაროა ეს ომი გრძელდება და არ ჩანს მკაფიო კონტურები, თუ როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო შეთანხმება, რა შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი.არათუ საქართველოზე - ამ ომის დასრულება რა გავლენას იქონიებს ევროპაზე, არავინ იცის.“ - აღნიშნა საგარეო მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინის „სამშვიდობო პაკეტსა“ და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.
„ხშირად არის მედიაში საუბარი, თუ რა არის უკრაინის სამშვიდობო პაკეტის შინაარსი, იქ საუბარია ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღებზეც, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. მეორე მხრივ, გვესმის ევროპის გარკვეული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული თარიღები არ უნდა ითქვას და არსებობს გარკვეული შფოთვები ევროკავშირის მხარეს, რომელიც ამავდროულად უჭერს მხარს უკრაინას და მის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა წინააღმდეგია კონკრეტული თარიღების დასახელების. რთული სათქმელია, თუ რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ომი და რა გავლენა ექნება ჩვენს რეგიონზე, ევროპასა და ზოგადად გლობალურ წესრიგზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ელჩის დანიშვნის საკითხზეც ისაუბრა.
„ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, დიდი ხნის წინ და ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში. რთული სათქმელია, როდის მოხდება ეს. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაშია საქართველოსადმი უკრაინის დამოკიდებულება. აქაც, რა სუბიექტური დამოკიდებულებები არსებობს საქართველოსთან მიმართებაში, ერთგვარად ცინიზმიც არის, როდესაც პროპაგანდაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც რამხელა პროპაგანდისტული კამპანიები ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მასიური პროპაგანდის მსხვერპლი ვართ ერთგვარად.
ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ საქართველოს დააბრალეს ყველაფერი, მაქსიმალურად გააშავეს ჩვენი ქვეყანა სწორედ მედია საშუალებების, მათ შორის, საერთაშორისო მედიების დახმარებით. რა აღარ დააბრალეს, მათ შორის, "კამიტის" ისტორია.“- აღნიშნა საგარეო მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებთან დაკავშირებით არაერთი საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება.
„უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, პირველ რიგში, ალბათ, ერთგვარად, მოველით, რომ მოხდეს უკრაინული მხარის მიერ აღიარება და გაცნობიერება, რომ ჩვენს ქვეყანას ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ყოფილიყო უკრაინის გვერდით პოლიტიკურად, ყოფილიყო უკრაინის გვერდით, როდესაც ვსაუბრობდით ჰუმანიტარულ დახმარებაზე და ვსაუბრობდით ადამიანების დახმარებაზე, რომელთაც შეეხოთ ომი. ამ პირობებში, ის კრიტიკა თუ წნეხი, რაც საქართველოზე მოდიოდა, მათ შორის, უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, სრულიად უსამართლო და გაუმართლებელი იყო" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.