მაკა ბოჭორიშვილი: ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც აქვთ პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ის ნარატივები, რაც არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში გაჟღერებული და მიღებული სხვადასხვა რეზოლუციების ფორმით. ეს არის ზუსტად, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები. ეს ვნახეთ ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტებში: ევროპარლამენტში მუდმივად ვხედავთ, ვხედავთ ევროპის საბჭოში, იყო მცდელობა ეუთო-შიც გამოეყენებინათ - გახსოვთ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია და ეს საკითხი აქტიურად განიხილება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, ძალიან ხშირად კეთდება ამაზე აქცენტი და ეს არის სრულიად მიუღებელი, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა სწორედ ასეთი მეთოდებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.