ლევან ნიკოლეიშვილი ტრამპის წერილზე: ეს არ იყო ტრაფარეტული წერილი, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი და მზაობა იმის შესახებ, თუ რა საკითხებთან მიმართებაში სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება

ლევან ნიკოლეიშვილი

ეს არ იყო რაღაც მისალოცი, ტრაფარეტული წერილი, რომლითაც ტრამპს უნდოდა ჩაეთვალა, რომ მან მიულოცა საქართველოს ხელისუფლებას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, წერილში ტრამპმა გამოთქვა სურვილი და მზაობა იმის შესახებ, თუ რა საკითხებთან მიმართებაში სურს აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება.

„ტრამპის მილოცვაში რომ ყოფილიყო ერთი წინადადება, რომ „გილოცავ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს", ამით დასრულდებოდა დისკუსია მაშინ. მაგრამ შემდეგ არის გაგრძელება იმ ზრახვების შესახებ, რასაც შეერთებული შტატები ფიქრობს საქართველოსთან მიმართებაში. აქ იყო საუბარი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მთელ რიგ საკითხებზე, რაზეც შეერთებული შტატები აპირებს შემდგომში საქართველოსთან თანამშრომლობას. შესაბამისად, ეს არ იყო რაღაც მისალოცი, ტრაფარეტული წერილი, რომლითაც ტრამპს უნდოდა ჩაეთვალა, რომ მან მიულოცა საქართველოს ხელისუფლებას. მან წერილშივე გამოთქვა სურვილი და მზაობა იმის შესახებ, თუ რა საკითხებთან მიმართებაში სურს აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობები გააგრძელოს. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია და თავისთავად ცხადია, არ არის უბრალო ქმედება. ეს არის სერიოზული ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებაში“,- აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა აშშ-ის ადმინისტრაციისგან ტრამპის წერილამდე ერთი დღით ადრე მოსულ წერილზე, რომელიც შინაარსობრივად ტრამპის წერილისგან განსხვავდება და რომელსაც ოპოზიცია უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ოპოზიციისთვის ნებისმიერი ხავსი არის მისაღები, რაც არ უნდა ძლიერი ან სუსტი იყოს. ოღონდ რამეს ჩაეჭიდოს და ის ამას ჩაეჭიდება თავისთავად ცხადია, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს გვეუბნება.

პირიქით რომ ყოფილიყო ამ წერილების შინაარსი, მაშინ ჩვენ შეიძლება სხვანაირად გვესაუბრა, მაგრამ რუბიოს წერილი რეალურად არ იყო მოსალოცი წერილი და მას მეორე დღესვე წამოეწია სულ სხვა შინაარსის წერილი. თუ ლოგიკურად დავფიქრდებით, შეიძლება ვინმემ თამამ განცხადებად ჩამითვალოს, მაგრამ გარკვეულ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, როგორც ჩანს აშშ-ის ადმინისტრაციაში. იყო გარკვეული მსჯელობა რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ და საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა უფრო საღმა აზრმა, რომ დიახ, სწორედ 26 მაისს უნდა მიულოცო ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღე და მეორე, თუკი შენ გაქვს სურვილი, რომ შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრო ამის საშუალებაც თავისთავად ცხადია შენ გაქვს“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.