ლევან მახაშვილი: ვიდრე არის გარედან ჩარევა, უკანონო ფულის ტრიალი, ამ კანონების საჭიროებაც იქნება, არ ვაპირებთ, რომ გაურკვეველი რეკომენდაციების გამო საქართველო გამოწვევის წინაშე დავაყენოთ

ლევან მახაშვილი

ვენეციის კომისიისთვის აზრი არ გვიკითხავს, ამიტომ დეტალები შეუძლიათ, მათ მოიკითხონ, ვინც მათ აზრი ჰკითხეს, როცა კანონს ვიღებდით, მაშინაც ვთქვით, რომ მზად ვართ, „ფარა“ გავაუქმოთ, თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ ეს კანონი დემოკრატიულ პრინციპებს, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას არ შეესაბამება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით ძირეული პრობლემები თუ აღარ იქნება, რის გამოც კანონი იყო მიღებული, მაშინ ამ კანონის საჭიროებაც არ იქნება.

„კანონი, რომელიც ამერიკის დემოკრატიას ათწლეულებია წარმატებით იცავს, თუ ისინი გააუქმებენ, ჩვენც გავაუქმებთ. თუ არ აუქმებენ, მაშინ, ჩვენ რატომ გვთხოვენ? – განმარტებაში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები, რის გამოც საქართველომ ეს კანონმდებლობა მიიღო. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველომ კანონები იმიტომ მიიღო, რომ პრობლემებია. თუ ძირეული პრობლემები აღარ იქნება, რის გამოც კანონი მივიღეთ, მაშინ ამ კანონის საჭიროება არ იქნება. მანამ, სანამ არის გარედან ჩარევა, უკანონო ფულის ტრიალი, ამ კანონების საჭიროებაც იქნება. არ ვაპირებთ, რომ გაურკვეველი რეკომენდაციების გამო საქართველო გამოწვევის წინაშე დავაყენოთ“, – განაცხადა მახაშვილმა.

ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.