გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
ჩანს აშკარა სურვილი, რომ დააზიანონ ქვეყნის ინტერესები მსგავსი სიგიჟის, ტყუილების გავრცელებით ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა BBC-ის ფილმთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უნდა გამოიკვეთოს ყველა პირის პასუხისმგებლობა, ვინც შეგნებულად ჩართული იყო ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში.
„რაც უფრო ჩადის გამოძიებას სიღრმეებში, მთელი საზოგადოება ხედავს ბევრ რაღაცას: უპირველეს ყოვლისა არაკეთილსინდისიერებას ამ მედიასაშუალების მხრიდან, ჟურნალისტის მხრიდან, რესპონდენტების, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესების მონაწილეები იყვნენ. რაც მთავარია, ჩანს აშკარა სურვილი, რომ დააზიანონ ქვეყნის ინტერესები მსგავსი სიგიჟის, ტყუილების გავრცელებით ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. გამოძიება ნამდვილად უნდა ჩაყვეს ყველა დეტალს, ყველა კომპონენტი უნდა შეისწავლოს და აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა თითოეული მედიასაშუალების თუ იმ პირის მიმართ, რომლებიც ჩართული იყვნენ შეგნებულად ამ ტყუილების გავრცელებაში და საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაში“, - განაცხადა მახაშვილმა.
BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით სუსში დაიბარეს.