ლევან მაჭავარიანი ფეხბურთელების ბულინგზე: ვიხილეთ უბინძურესი კამპანია, რომელიც ფაქტობრივად წუთების განმავლობაში დაიგეგმა. რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერშიპს იმის ინტელექტი ეყოთ, თვითონ ირიბად ჩართულიყვნენ ამაში

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი პარლამენტის თავმჯდომარის წერილს გამოეხმაურა, სადაც შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს ,,მოღალატეებად“ იქცნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცების სულისკვეთება არ გაიზიარეს.

როგორც მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ფაქტობრივად წუთების განმავლობაში დაიგეგმა უბინძურესი კამპანია, სადაც რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერშიპს იმის ინტელექტი ეყო, თვითონ ირიბად ჩართულიყვნენ ამაში.

„შალვა პაპუაშვილს აბსოლუტურად ვეთანხმები. მოდით გავიხსენოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონს როდესაც განვიხილავდით, როგორ აბულინგებდნენ ფეხბურთელებს. ვიღაცები ჩაითრიეს, ვიღაცები ვერ ჩაითრიეს. შეიძლება ვიღაცები [ფეხბურთელები] ოპოზიციურ აზრსაც იზიარებდეს, მაგრამ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა წარმატებული სპორტსმენი, ფეხბურთელი იქნება, თუ სხვა სახეობის წარმომადგენელი, ჩვენი გუნდისთვის თანასწორია და ყველას ვგულშემატკივრობთ. გუშინ ვიხილეთ კიდევ ახალი ბულინგის კამპანია დაიწყეს მაშინ, როდესაც მადლიერება გამოხატეს ფეხბურთელებმა [ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ მიერ გადაცემული 30 მილიონის გამო].

ვიხილეთ უბინძურესი კამპანია, რომელიც ფაქტობრივად წუთების განმავლობაში დაიგეგმა. რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერშიპს იმის ინტელექტი ეყოთ, თვითონ ირიბად ჩართულიყვნენ ამაში, თუმცა მათი აქტივი მთლიანად ჩართული იყო, ფსევდოლიბერალური მათი გულშემატკივრები. საშინელი კამპანია ვიხილეთ, როგორ ილანძღებოდნენ, ესეც ყველაფერი ვნახეთ. კარგად გვახსოვს როგორ ლანძღეს ლაშა ტალახაძე, ხვიჩა კვარაცხელია. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დასავლურ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, რეალურად არიან ფაშისტები. ისინი ვერ იტანენ საწინააღმდეგო აზრს თუ ვინმე რამეში არ ეთანხმებათ, ან მათ ნარატივში არ ჯდება, იწყებენ მათ ბულინგს. ეს ყველაფერი უფრო გახშირდება, რაც რაც უფრო მივუახლოვდებით 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.