კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ ბრძოლის წარმატებაზეა დამოკიდებული სახელმწიფო ორგანოების რეპუტაცია და გამართული ფუნქციონირება - გიორგი გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამ ბრძოლის წარმატებაზეა დამოკიდებული სახელმწიფო ორგანოების რეპუტაცია და გამართული ფუნქციონირება  - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა. 

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედებს სპეციალიზებული დანაყოფი - კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით და სრულად უზრუნველყოფილია სათანადო რესურსით.  
გიორგი გაბიტაშვილის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2021-2023 წლებში, გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 543 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო დევნა - 447 პირის მიმართ. მათ შორის, 371 პირი დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში, ხოლო მათგან 33 ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირია.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ეფექტიანად ჩატარება. 2021-2023 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გადმოიგზავნა 46 ანგარიში, რომელთა საფუძველზე, გამოძიება დაიწყო 39 საქმეზე, ხოლო 7 ანგარიში დაერთო უკვე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს. რაც შეეხება დევნის დაწყების მაჩვენებელს, 2021-2023 წლებში, პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, დევნა დაიწყო  66 პირის მიმართ.  
გიორგი გაბიტაშვილმა, კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მხრიდან ყურადღება ექცევა ასევე კერძო სექტორში ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოძიებას. 2021-2023 წლებში, კერძო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე დევნა დაიწყო 262 პირის მიმართ. 

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების  პროცესში ქონების დაყადაღების და ჩამორთმევის  შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში,  2021-2023 წლებში, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ 47 606 080 ლარისა და 76 955 დოლარის ღირებულების ქონებას. ამავე პერიოდში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული იქნა კორუფციული დანაშაულის ჩადენის გზით მოპოვებული 5 173 260 ლარის ღირებულების ქონება.  

გიორგი გაბიტაშვილმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებითაც ისაუბრა „სამომავლოდ საჭიროა სპეციალიზებული ანტიკორუფციული დანაყოფის რეგიონულ დონეზე გაძლიერება. უნდა გააქტიურდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა სამუშაო შეხვედრების ფორმატით. მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უკეთესი კოორდინაციისთვის“, -  აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.