„ლელოს“ გარშემო გაერთიანებული კოალიციის წევრები - „თავისუფლების მოედანი“ და „ანა დოლიძის პარტია“, გახარიასთან ალიანსს არ ეთანხმებიან

ლევან ცუცქირიძე

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება არის დიდი გარღვევის მომტანი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, არ არსებობს კვლევები ან რაიმე სხვა მონაცემები, რომლებიც კონკრეტულ ამ საკითხს შეისწავლიდა და დამაჯერებლად გვეტყოდა, რომ ეს ნამდვილად ასეა, - განაცხადა ამის შესახებ „ლელოსთან“ კოალიციაში მყოფი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ, „ფორმულას“ ეთერში.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, უცნობია, რამდენად სასარგებლო იქნება კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანება ბრძოლაში გადამწყვეტი წინსვლის მისაღწევად. მან ასევე განაცხადა, რომ გახარიასთან სერიოზული კითხვები აქვს როგორც წარსულზე, ისე მომავალთან დაკავშირებით.

„რამდენად არის ეს გაერთიანება პრაქტიკულად სასარგებლო იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ გავლენა ოპოზიციურ ბრძოლის ველზე და მივაღწიოთ გადამწყვეტ წინსვლას ამ ბრძოლაში - მე არ ვამბობ, რომ ან ერთი, ან მეორე არის სრულიად გამორიცხული, მაგრამ მე მაქვს ამასთან სერიოზული კითხვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ, მათ შორის, საკითხები როგორც წარსულთან, ისე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. წარსულთან, რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხებს, რაც შეეხება დემონსტრაციების საკითხებს, რაც შეეხება დემონსტრაციების დარბევის საკითხებს. ყველა ამბობს წინასაარჩევნოდ, რომ ის არის ყველაზე მაგარი პოლიტიკური პარტია და თუ ყველა ასეთი მაგარია, მაშინ, გაერთიანების აუცილებლობა რატომ დგას, ხომ? ბუნებრივია, ესე იგი, რომ ყველა ისეთი მაგარი ვერ არის და რაღაც გაერთიანების აუცილებლობები არსებობს“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.