მსოფლიოში, მსგავსი მხოლოდ 5 ოპერაციაა გაკეთებული - ქართველი ქირურგების დიდი წარმატება
1768929729
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, დემოკრატიული ოპოზიცია ერთიანია მთავარ მოთხოვნებში, რომლებიც უკავშირდება რეპრესიების, ტერორის შეწყვეტას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ, თავისუფალ არჩევნებს.
მისივე თქმით, აღნიშნულის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.
„დემოკრატიული ოპოზიცია ერთიანია ორ მთავარ მოთხოვნაში – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ტერორისა და რეპრესიების შეწყვეტა, ახალი თავისუფალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის გარეშე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, ამ მოთხოვნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და ამ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ეფექტიანს გახდის ჩვენს ბრძოლას. შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ უკან დაიხევს, არამედ ივანიშვილს ხელისუფლებიდან ჩამოვაშორებთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მოთხოვნა უკავშირდება რეპრესიების, ტერორის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალ, თავისუფალ არჩევნებს – ამ მოთხოვნაში მთელი დემოკრატიული საზოგადოება ერთიანია. საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, საერთო მოქმედების გეგმაზე, რომელზეც ვმუშაობთ და ზურას არათუ ვეთანხმებით, არამედ ვუერთდებით ამ ნაბიჯებში. ცხადია, კარგი იქნება, თუ სხვებიც შემოუერთდებიან ამ ჩარჩო-შეთანხმებას, რომელსაც დემოკრატიული ოპოზიცია ამზადებს“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.
კითხვაზე, „რა როლი აქვს ამ პროცესებში ზურაბიშვილს, ის იქნება აქტიური მხოლოდ საგარეო მიმართულებით, თუ უფრო მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება იგეგმება?“, – ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს.
„ეს ბრძოლა ჰორიზონტალურია, აქ გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს. ლიდერი ქართული საზოგადოებაა, რომელიც ერთ წელზე მეტია, რუსთაველის გამზირზე დგას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. როგორც სალომე ზურაბიშვილი, ისე დემოკრატიული ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერი თანასწორია“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.