ლაშა ფარულავა: ჩვენი ამოცანაა, გაგრძელდეს ბრძოლა მშვიდობიანი კალაპოტით, გაძლიერდეს საგარეო წნეხი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები

ლაშა ფარულავა

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განაგრძობენ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.

„დემოკრატიულმა ოპოზიციამ გააფორმა ალიანსი. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი კალაპოტით, ასევე გაძლიერდეს საგარეო წნეხი, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით. ვმუშაობთ,  რომ პოლიტპატიმრები დავიხსნათ და ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, რათა ქართველმა ხალხმა შეძლოს საკუთარი სურვილების რეალიზება. პირველ რიგში, ევროპული არჩევანის საკითხი არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ივანიშვილმა მოაწყო ევროპული არჩევანის საბოტაჟი და ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ჩვენი გეგმა არის, რომ ვაგრძელებთ მუშაობას ერთიანობისთვის, შენარჩუნდება ბრძოლის მშვიდობიანი კალაპოტი, გაძლიერდება საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტები, რათა ივანიშვილი იძულებული გახდეს, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.