1794553553
ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე ივან სმილიგინს და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია, მათ შორის, საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტის მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, აგრეთვე სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებისა და ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებზე.
"საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და მზარდია ინტერესი კერძო ბიზნესისა და ინვესტორების მხრიდან. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შექმნა," - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.
საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ინვესტიციების მოზიდვის, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.
"საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს დადებითად ვაფასებთ. ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა კადრების პროფესიული მომზადების მიმართულებით," - განაცხადა ივან სმილიგინმა.
შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.












