1794553553
რატი იონათამიშვილი: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილის უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილის უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივიც არის. „ნაცების“ წარმომადგენლები რაც მეტს ლაპარაკობენ სასამართლოზე, მით მეტ არგუმენტს დებენ, თუ რატომ არიან ისინი ასაკრძალები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
ის ასე გამოეხმაურა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლების გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილებას.
იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიას აქვს უფლება, დაიცვას თავი, როდესაც დემოკრატიის დანგრევას უცხო ძალა ცდილობს და ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ეს არის დემოკრატიული პროცესი. თუ კიდევ ვინმეს არ ახსოვს ან ეჭვი ეპარებოდა რამეში, ეს სასამართლო და მათი განცხადებები ფაქტობრივი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის კანონგარეშე მოქმედებდნენ და გასულები იყვნენ როგორც კანონიდან, ასევე კონსტიტუციიდან. მათთვის ყველაზე სავალალო ის არის, რომ სინდისი არ ქენჯნით იმ სისტემური და სისტემატური დანაშაულების გამო, რასაც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წლების განმავლობაში იდენდნენ. ხომ ვიცით და კარგად გვახსოვს, რომ 300 000 ადამიანი გაასამართლეს მათ, საქართველოში 300 00 ოჯახი გაასამართლეს. ამ ოჯახებსა და პატიმრებს როგორ ექცეოდნენ, ესეც ხომ ძალიან კარგად ვიცით - ათასობით საქმე მიდიოდა სტრასბურგში მხოლოდ ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, როდესაც 2012 წლიდან დღემდე არც ერთი საქმე ამ მოტივით სტრასბურგის სასამართლოს დასაშვებადაც კი არ უცნია საქართველოს წინააღმდეგ”, - განაცხადა რატიო იონათამიშვილმა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში უარესის გაკეთების პირობას დებს.
„ესენი ერთობლიობაში უნდა შევაფასოთ. ფაქტია, რომ საზოგადოებას ეუბნებიან, „თუ ჩვენ გვექნება ძალაუფლება, უარესს გავაკეთებთ, უარესს დავმართებთ ხალხს, ამ ქვეყანას. აი, ამის პირობას დებენ ისინი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელიც ნამდვილად არის დასაბუთებული და სარჩელის შექმნის დროს ჩვენმა საზოგადოებამ დაგვიკვეთა”, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.












