ლანა გალდავა: არჩევნები უნდა იყოს გამოყენებული ბრძოლის ინსტრუმენტად, „ქართულ ოცნებას“ მეტი შეცდომა უნდა დავაშვებინოთ, ჩვენ გვაქვს გამარჯვების იმედი

ლანა გალდავა

ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ მონაწილეობას იღებს თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ბრძოლის დამატებითი ინსტრუმენტი.

გალდავას თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არანაირ ლეგიტიმაციას არ აძლევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„ცხადია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა არის მთავარი ხაზი, რომელიც იყო, არსებობს და არ შეიცვლება ჩვენი მოთხოვნებიდან. თვითმმართველობის არჩევნები გახლავთ კალენდარული არჩევნები. მასში მონაწილეობა არანაირ ლეგიტიმაციას არ აძლევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ქვეყანაში არსებობს საპარლამენტო პოლიტიკური კრიზისი და კრიზისის გასამუხტად საჭიროა თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს გამოყენებული ბრძოლის ინსტრუმენტად, „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი შეცდომა უნდა დავაშვებინოთ, რადგან მათი მხრიდან იქნება კვლავ ძალადობის ფაქტები, თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და ჩვენ გვაქვს გამარჯვების იმედი, რადგანაც ყველა წინა არჩევნებში ვნახეთ, რომ მიუხედავად გაყალბებული არჩევნების ფონისა, გვქონდა მოგებული ყველა დიდი ქალაქი. თვითმმართველობის არჩევნები არის კალენდარული არჩევნები და თუ გადახედავთ კონსტიტუციას, ნახავთ ამას. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას და გაუარესებულ ფონს, თუნდაც ცესკო-ში იმ კანონების თვალსაზრისით, მაშინ დავსვამ კონტრარგუმენტს, ქუჩაში, ქუჩის პროტესტშიც არის გაუარესებული მდგომარეობა, ის დრაკონული კანონები უფრო მეტად დრაკონულია ქუჩის პროტესტისთვის და მაშინ ბრძოლას ქუჩაში აზრი აქვს დაკარგული? ყველა ბრძოლის ყველა ინსტრუმენტია გამოსაყენებელი, როგორც ქუჩის, ისე არჩევნების მიმართულებით“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

რაც შეეხება „ლელოს“ მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, გალდავას თქმით, მოუწოდებს მათ, დადონ ფაქტები.

„სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური ძალიან დიდი ტყუილისა. მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერობის თემატიკის ექსპერტი, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, ეს არის „ქართული ოცნების“ დამარცხება და პროდასავლურ ველზე ოპოზიციური პარტიების სიძლიერე. მე მათ ოპოზიციაში ვერ შევალ, მე მათ არ ვაკრიტიკებ, რადგან ვიცი, ვინ ვაკრიტიკო და მე მყავს სამიზნე, კრიტიკა ვისთვისაც მაქვს გამოსაყენებელი. გავაერთიანოთ ძალისხმევა. ამ ძალისხმევის გაერთიანება თუ ვერ ხერხდება, ამ შემთხვევაში პატივი ვცეთ ერთმანეთის პოზიციებს, სამოქმედო გეგმას, ბრძოლის სტრატეგიას. „ლელო – ძლიერ საქართველოს“ ყოველთვის აქვს იდეები, გეგმები. ჩვენი იდეა იყო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ჩვენი იდეა არის და იყო ასევე სხვადასხვა მიმართულებით შეკრებები, გაერთიანებები, ჩვენი იდეა იყო ერთობა და ერთიანობა. ყველაფერი გავაკეთეთ ამ იდეისთვის, მაგრამ საწინააღმდეგო მხრიდან ვერ დავინახეთ ვერც გეგმა და ვერც სტრატეგია, ვერც ის, 4 ოქტომბრის შემდეგ რას აპირებენ ის პარტიები, რომლებიც არიან ოპონირების რეჟიმში“, – განაცხადა ლანა გალდავამ.