ამინდი მკვეთრად იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1779378384
ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან დიალოგის მზაობა მუდმივად ხაზგასმულია, - განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა „დღის ქრონიკაში“.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპელი ლიდერებისთვის განკუთვნილ ღია წერილზე და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. კერძოდ, ჟღენტმა უარყო ოპოზიციის განცხადებები, რომ პრემიერის ღია წერილი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. დიპლომატის განმარტებით, ეს იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას დაენახა და მოესმინა ირაკლი კობახიძის პასუხი და ასევე იმისთვის, რომ ევროპის ლიდერებსა და ევროკავშირის ბიუროკრატიამ მოისმინოს საქართველოს პოზიცია.
„ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან დიალოგის მზაობა მუდმივად ხაზგასმულია. ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის მხრიდან მუდმივად იმაზეა საუბარი, რომ ჩვენ მზად ვართ თანასწორი და ურთიერთსასარგებლო დიალოგისთვის. ამიტომ ჩვენ ამას ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ჩვენ დიალოგი არ გვინდა. ევროკავშირის მხრიდან რაც მომდინარეობს ჩვენი მისამართით, ჩვენი მთავრობა ამას შესაბამისად პასუხს სცემს იმ ხალხის სახელით, ვინც ეს მთავრობა აირჩია და ვინც ქვეყანას მართავს. მე ასე მგონია, რომ ძალიანაც სწორს აკეთებს.
ამიტომ, ასეთ განცხადებას უნდა ჰქონდეს არგუმენტირებული დასაბუთება, რაც ოპოზიციას არ აქვს და არც არასდროს ჰქონიათ რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება. ამიტომ, იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა, არასწორია. ასეთი განცხადებები შიდა მოხმარებისთვისაც არის, რადგან საგარეო პოლიტიკა ყოველთვის საშინაო პოლიტიკაზეა დაშენებული. ყოველთვის საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა, ეს ცნობილი ამბავია პოლიტიკაში და დიპლომატიაში. ამიტომ, არ არის ეს ასე. ეს იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას დაენახა და მოესმინა ეს პასუხი და ასევე იმისთვის, რომ ევროპის ლიდერებსა და ევროკავშირის ბიუროკრატიას, რათა მათაც მოისმინონ ჩვენი პოზიცია, - აღნიშნა ჟღენტმა.