1772803541
კიევი საკუთარი ხელით აძლიერებს ევროკავშირში მისთვის ყველაზე რთული მოთამაშის, უნგრეთის პოზიციებს - დავით ქართველიშვილი კიევსა და ბუდაპეშტს შორის დაძაბულობაზე
„ევროპულ დედაქალაქებში შეიძლება სრულიად პრაქტიკული კითხვა გაჩნდეს: ღირს თუ არა პოლიტიკური ინვესტიციის გაგრძელება პარტნიორში, რომელიც სისტემატურად ანგრევს საკუთარ დიპლომატიურ რეპუტაციას,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხია ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კიევსა და ბუდაპეშტს შორის დაპირისპირებას და აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ნეგატიური შედეგი შეიძლება დადგეს, თუ ქვეყნის დიპლომატია კვლავ გააგრძელებს ნებისმიერი ინციდენტის სკანდალის დონეზე აყვანას.
ამ შემთხვევაში კი, საუბარია ინცინდენტზე, როდესაც უნგრეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს უკრაინის სახელმწიფოს ორი საინკასაციო ავტომობილი.
„კიევსა და ბუდაპეშტს შორის წარმოქმნილი მორიგი სკანდალი უკვე აღარ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური კონფლიქტი - ეს არის უკრაინის საგარეო პოლიტიკის სისტემური დეგრადაციის სიმპტომი. ამჟამად ინციდენტი მოხდა ბუდაპეშტში: უნგრეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს უკრაინის სახელმწიფო Oschadbank-ის ორი საინკასაციო ავტომობილი, რომლებიც ავსტრიის Raiffeisen Bank-იდან უკრაინაში გადაჰქონდათ დაახლოებით 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და დაახლოებით 9 კილოგრამი ოქრო. ავტომობილებთან ერთად დააკავეს შვიდი უკრაინელი ინკასატორი, ხოლო GPS-ის მონაცემებით მანქანები ბუდაპეშტის ცენტრში, ერთ-ერთი ანტიტერორისტული ცენტრის შენობასთან იმყოფება.
როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ქმედებებს „სახელმწიფო ტერორიზმსა და რეკეტს“ უწოდებს, ეს ფაქტობრივად დიპლომატიური ლექსიკის ნორმების სრული დარღვევაა. საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი ტერმინები გამოიყენება ტერორისტული რეჟიმების ან ე.წ. "გარიყული" სახელმწიფოების მიმართ და არა ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ. ამით კიევს ფაქტობრივად თავად გადაჰყავს საკითხი სამართლებრივი განხილვის სფეროდან პოლიტიკური ისტერიის სივრცეში და საკუთარ თავს ართმევს შესაძლებლობას, რაციონალურად დაიცვას საკუთარი ინტერესები.
საინკასაციო მანქანებისა და ბანკის თანამშრომლების დაკავების ისტორია, რომლებიც ათეულობით მილიონ დოლარს, ევროსა და საბანკო ოქროს გადაჰქონდათ, რა თქმა უნდა, საჭიროებს უნგრეთის ხელისუფლებისგან მკაფიო და გამჭვირვალე ახსნას. თუმცა კიევის რეაქცია კიდევ ერთ სახიფათო ტენდენციას აჩვენებს: იმის ნაცვლად, რომ გამოყენებულ იქნას ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმები, ფინანსური რეგულირების ინსტრუმენტები და საერთაშორისო საბანკო შეთანხმებები, უკრაინის დიპლომატია დაუყოვნებლივ გადადის საჯარო ბრალდებებსა და ხმამაღალ პოლიტიკურ იარლიყებზე. მსგავსი სტრატეგია შეიძლება ეფექტური იყოს შიდა პროპაგანდაში, მაგრამ ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში ის საპირისპირო შედეგს იძლევა - აძლიერებს ევროპის დედაქალაქებში არსებულ დაღლილობას კიევის მუდმივი კონფლიქტებისა და ემოციური ზეწოლისგან.
ბუდაპეშტისთვის ეს სკანდალი მხოლოდ ამყარებს იმ ხაზს, რომელსაც ვიქტორ ორბანის მთავრობა წლებია ატარებს: იმის დემონსტრირებას, რომ უკრაინა კვლავ რჩება არასტაბილურობისა და პოლიტიკური ქაოსის წყაროდ ყველაზე ახლო მეზობლებთან ურთიერთობაშიც კი. უნგრეთი იღებს დამატებით არგუმენტს, რათა დაბლოკოს კიევის ინიციატივები ევროკავშირსა და ნატოში. ფაქტობრივად, კიევი საკუთარი ხელით აძლიერებს ევროკავშირში მისთვის ყველაზე რთული მოთამაშის პოზიციებს.
თუმცა ამ კონფლიქტის მთავარი სტრატეგიული ეფექტი ბევრად სცდება ორმხრივ ურთიერთობებს. ევროპა დღეს გადატვირთულ მდგომარეობაშია - ომი, ენერგეტიკული კრიზისი, მიგრაციული ზეწოლა და შიდა პოლიტიკური განხეთქილებები. ასეთ პირობებში კიევის ყოველი ახალი დიპლომატიური ისტერია აღარ აღიქმება სამართლიანობისთვის ბრძოლად, არამედ კიდევ ერთ პრობლემად და ხმაურად. და თუ უკრაინის დიპლომატია კვლავ გააგრძელებს ნებისმიერი ინციდენტის პლანეტარული სკანდალის დონეზე აყვანას, ერთ მომენტში ევროპულ დედაქალაქებში შეიძლება სრულიად პრაქტიკული კითხვა გაჩნდეს: ღირს თუ არა პოლიტიკური ინვესტიციის გაგრძელება პარტნიორში, რომელიც სისტემატურად ანგრევს საკუთარ დიპლომატიურ რეპუტაციას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.












