კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა ჩვენი ქვეყნის საავიაციო კონკურენტუნარიანობის აღიარებაა, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ტურისტულ პოტენციალზე - ირაკლი ქარქაშაძე

ირაკლი ქარქაშაძე

კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე არის ჩვენი ქვეყნის საავიაციო კონკურენტუნარიანობის აღიარება, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ტურისტულ პოტენციალზე, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტის“ (easyJet) შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა გვიხარია, რომ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს და „იზიჯეტი“, რომელიც ბრიტანულ მულტინაციონალურ „ლოუქოსთს“ წარმოადგენს, ფრენებს საქართველოში ერთდროულად ევროპის სამი ქალაქიდან იწყებს – ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან, ჟენევადან და მილანიდან, სადაც მას ყველაზე მსხვილი ბაზები გააჩნია, ჩვენთვის კი სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენს. რაც მთავარია, ფრენები მოგზაურებისთვის იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. იმედი გვაქვს, რომ მგზავრთნაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან შეასრულებს. ფრენები 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა მილანის მიმართულებით დაიწყება. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.easyjet.com ხელმისაწვდომ ფასად უკვე შესაძლებელია.

ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათავო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.