ხმის მიცემის პროცესი იყო სწრაფი და ეფექტიანი, ყველაფერი წარიმართა ძალიან მარტივად - ედუარდო რეპილოზა ფერნანდეზი

ედუარდო რეპილოზა ფერნანდეზი

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი იყო სწრაფი და ეფექტიანი, ყველაფერი წარიმართა ძალიან მარტივად, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ედუარდო რეპილოზა ფერნანდეზმა.

მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები წარადგენენ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა ნახეს გუშინ საარჩევნო უბნებზე და საბოლოო ანგარიში დაახლოებით ერთ კვირაში გამოქვეყნდება.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ღიაობისთვის დამკვირვებლებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფისთვის.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული დღის წესრიგი. მოვისმინეთ ბევრი განსხვავებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როგორი ვითარებაა შექმნილი საარჩევნოდ. ჩვენი დელეგაციის მთავარი მიზანია, ზოგადად შევაფასოთ ახალი ტექნოლოგიის გამოყენება. ჩვენ გვქონდა წვდომა პრაქტიკულად ყველაფერზე, ყველა ინფორმაციაზე სისტემებთან დაკავშირებით, გავაანალიზეთ ეს ინფორმაცია და ვნახეთ ეს სისტემა გუშინ მოქმედებაშიც.

ვიცით, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვისას ხელმძღვანელობდნენ საუკეთესო პრაქტიკით, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებამდე იყო საპილოტე პროექტები, რათა ყველას შეძლებოდა, გაცნობოდა ახალ სისტემას. გუშინ თბილისში ვნახეთ 11 საარჩევნო უბანი. ვაკვირდებოდით უბნების გახსნას, აპარატების მოწყობას. ყველაფერი წარიმართა ძალიან მარტივად. ვფიქრობ, ეს აჩვენებს საარჩევნო უბნების იმ თანამშრომლების მომზადების დონეს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. ჩვენ ასევე ვაკვირდებოდით საარჩევნო უბნების დახურვას, რაც ასევე წარიმართა შედარებით სწრაფად და კალანდარიშვილმა ოფიციალური შედეგები წარადგინა უბნების დახურვამდე ორ საათზე ნაკლებ დროში, რაც, ვფიქრობთ, საკმაოდ ეფექტური მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რაც სხვა არჩევნებზე გვინახავს არა მხოლოდ აქ, საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

მე ვისაუბრე საარჩევნო უბნების გახსნასა და დახურვაზე, თუმცა თავად ხმის მიცემის პროცესიც იყო ძალიან სწრაფი და ეფექტიანი. იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ვნახეთ, თითოეულზე საშუალოდ 1 500 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული და საშუალოდ ხმა მისცა 800-850-მა ამომრჩეველმა. ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბნებზე ხმა მისცა 900-მდე ადამიანმა და არ იყო გრძელი რიგები, სულ მცირე, იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებზეც ვიყავით, ასევე არის იმის კარგი ნიშანი, როგორ ჩაიარა ხმის მიცემის პროცესმა. ეს ასევე აჩვენებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მომზადებასა და ამომრჩევლების განათლებას. ჩვენ წარვადგენთ რეკომენდაციებს იმაზე დაყრდნობით, რა ვნახეთ გუშინ, ასევე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოგვაწოდეს ცესკო-მ და სისტემის პროვაიდერმა კომპანიამ. ეს საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება დაახლოებით ერთ კვირაში“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.