ხატია დეკანოიძე: ერთ დროს ლიდერი ქვეყანა, ახლა კანდიდატის სტატუსს ვინარჩუნებთ მხოლოდ ფურცელზე, საქართველოში ძლიერდება რუსული გავლენები და ეს არის დადასტურებული გაფართოების ანგარიშში

დეკანოიძე

სამწუხაროა, რომ ერთ დროს რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც ვიყავით ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მედროშე, ახლა კანდიდატის სტატუსს ვინარჩუნებთ მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, საქართველოში არსებული კორუფციის მასშტაბები და ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები აისახება ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტში და საერთაშორისო პარტნიორების განწყობებზე.

„გაფართოების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა ევროპის კავშირმა, საქართველო იქ არ არის და ეს ნამდვილად მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც საქართველოს ექაჩება რუსეთისკენ. ასევე, საქართველოში ძლიერდება რუსული გავლენები და სწორედ ეს არის დადასტურებული გაფართოების ანგარიშში. სამწუხაროა, რომ ჩვენ – ერთ დროს რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც ვიყავით მედროშე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის, ახლა კანდიდატის სტატუსს ვინარჩუნებთ მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე. როგორც გითხარით, ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი ეყრდნობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს: პირველი – ეს არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კორუფცია, რუსული გავლენები, რაც სამწუხაროდ, არის საქართველოში ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამიტომ, ის მაჩვენებლები, რითაც „ქართული ოცნება“ თავს იწონებს, შენარჩუნებულია მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ფინანსურ რესურსს და კაპიტალს იზიდავს მათ შორის კონკრეტული კორუფციით. ეს არის სანქციების თავიდან არიდება, ეს არის კრიპტო-გადარიცხვები, შემდეგ თვითონვე აკავებენ ამ ადამიანებს. როგორც იცით, კორუფციაში ასევე ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული და თვითონვე აკავებენ შემდეგ ამ ადამიანებს – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ფულს პარავენ ჯარს, ქოლ-ცენტრები, რომელსაც მფარველობდა სუს-ის უფროსი. ქოლ-ცენტრები ისევ აგრძელებენ ფინანსურ საქმიანობას, კრიპტო-გადარიცხვები და რუსეთიდან რუსეთის მოქალაქეთა შემოდინება, რომელიც კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში შავი ჭირი ვრცელდება. რუსეთში ვრცელდება შავი ჭირი და ამასთან დაკავშირებით არავითარი კონკრეტული ღონისძიებები არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებას“.

ევროკავშირზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ არის კონკრეტული სტანდარტები, მათ შორის ქართველი ხალხის განწყობები, რომელიც არ არის რუსული, არის ნამდვილად ქართული და ევროპული. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორია ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდა არ აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ადამიანების ყოველდღიურ შემოსავალზე, მათ მაცივარზე, რომელიც ცარიელია ხშირ შემთხვევაში, საწვავის ფასებზე, პროდუქტის ფასებზე. შემიძლია, დავსვა რიტორიკული კითხვა – სამართლიანია თუ არა ქართველი ხალხის მიმართ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მასწავლებლებს ხელფასს უმატებს ორი ლარით და თვითონ იმატებს ხელფასებს 1350 ლარით, 13 000 ლარი აქვს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრს ხელფასი. სამართლიანია თუ არა „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც საწვავის ფასი არის კატასტროფული? ჩვენ ყველას გვეხება ეს სიღარიბე და გაჭირვება, რომელიც არსებობს ქვეყანაში და სამართლიანია თუ არა „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც შავი ჭირი ვრცელდება რუსეთში? აქ გვექაჩება ბიძინა ივანიშვილი. ევროპის კავშირი არის ყველაზე დიდი კეთილდღეობის და მშვიდობის დიდი ბაზარი საქართველოს და ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ჩვენ ვრჩებით ამ ბაზრის მიღმა.

ამიტომ, ჩემი შეფასება არ არის მხოლოდ ზოგადი შეფასება, ეს არის ქართველი ხალხის განწყობა. ჩვენ გვჭირდება განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა.  ზუსტად ამიტომ გვჭირდება ევროპის კავშირში ყოფნა და არა – რუსეთში. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს, ეს არის თუნდაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამაზე ევროპის კავშირი ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, ჩვენი მეგობრები, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამას ყოველთვის აღნიშნავენ. კორუფციის ის მასშტაბები, რაც არის საქართველოში – პირველ რიგში, ჯარიდან ფულის მოპარვა, ბავშვებისთვის ფულის მოპარვა ისე, რომ შემდეგ ბავშვები იწამლებიან და საზოგადოებას ამაზე არავითარი რეაქცია არ აქვს, მათ შორის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ეს, რა თქმა უნდა, აისახება გაფართოების დოკუმენტში, იმ განწყობებზე, რომელიც აქვს საერთაშორისო პარტნიორებს. მათ შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის რუსული გავლენების გავრცელება, რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ისურვებდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.

✕