წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
საქართველოში ფემიციდთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება. ქვეყანაში ფიქსირდება შემთხვევები, როცა მამაკაცები ქალებზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობენ.
ქალზე ძალადობის შემთხვევებზე კანონიერი რეაგირების მიუხედავად კი, აღნიშნული ფაქტები ხშირად ქალის სიცოცხლის მოსპობით სრულდება ხოლმე.
ანალოგიური ფაქტი მოხდა გუშინ თერჯოლაში, სადაც ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიუხედავად, მოკლა.
იმ ქვეყანაში, სადაც დედა კულტია, ხოლო ქალზე ძალადობა ზოგისთვის დასაშვები, სად უნდა ვეძებოთ პრობლემიდან გამოსავალი?
აღზრდაში თუ კანონის აღსრულების მექანიზმებში, ან იქნებ ორივეში - „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ფემიციდის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით პარლამენტარები, რომლებიც ქალზე ძალადობას კატეგორიულად გმობენ და კანონის გამკაცრების შესახებ საუბრობენ.
პარტია „გირჩის“ დეპუტატი ვახო მეგრელიშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ მკვლელობის შემთხვევებს გენდერული ნიშნით არ ყოფს. როგორც ის აღნიშნავს, კანონმდებლობა, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არის მიღებული, გასაუქმებელია.
„ადამიანები, მიუხედავად სქესისა, საკუთარ ქმედებებზე თავად არიან პასუხისმგებლები თანაბრად, ანუ კაცს მოკლავენ თუ ქალს მოკლავენ, ჩემთვის ორივე ადამიანის მკვლელობაა. ის გარჩევა, რომ ქალებს კლავენ და კაცებს არა, არ მგონია სწორი საერთოდ. მგონია, რომ კანონმდებლობა, რომელიც ვითომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გვაქვს მიღებული, პირიქით გვიფუჭებს საქმეს.
რეალურად, გარკვეული თვალსაზრისით, მთავარი ამბავი არის ის, რომ თითქოს საზოგადოებამ დავიკავეთ რაღაც პოზიცია, რომლის მიხედვითაც ადამიანების ერთი ჯგუფი გავხადეთ პასუხისმგებელი ადამიანების მერე ჯგუფის ჩაგვრაზე, რაც სწორი არ არის. შეიძლება, ერთმა ადამიანმა მეორე დაჩაგროს, მაგრამ ჯგუფები ერთმანეთს არ ჩაგრავენ. მაგალითად, მე ვერანაირად ვერ ვიქნები ვინმე ქალის ჩაგვრაზე პასუხისმგებელი ინდივიდუალურად. რომ წარმოადგინოთ სტატისტიკა, რამდენი ქალი და კაცია დაღუპული.
გასაუქმებელია ეგ კანონმდებლობა, რომელიც რამე ფორმით გამოყოფს ადამიანების ჯგუფებს და მათ განსხვავებულ უფლებებს ანიჭებს. თუ ადამიანი მოკვდება, მიუხედავად მისი სქესისა, მისი მკვლელი უნდა დაისაჯოს ერთნაირად, მიუხედავად მისი სქესისა. სისხლის სამართლის კოდექსი ხომ დაგვრჩება, სისხლის სამართლის კოდექსში მკვლელობა, ძალადობა ხომ დასჯადია ნებისმიერი სიმძიმის? რითი არ გაკმაყოფილებთ? თუ მკვლელობები გაღელვებთ, კაცებს მეტს კლავენ, კაცებს რომ კლავენ, რატომ არ მირეკავთ?!“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა. შს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.