კარასინისა და ძმათა მათი მიზანია, რომ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას დესტაბილიზაციის გამოწვევის შესაძლებლობა მისცენ - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

"გრიგორი კარასინის განცხადებებით ხელისუფლების დაზიანებას ნუ შეეცდებით, კარასინისა და ძმათა მათი მიზანი სწორედ ის არის, რომ მარტივი პროვოკაციების მეშვეობით ე.წ. რადიკალურ ოპოზიციასა და მათ რუპორებს ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის გამოწვევის შესაძლებლობა მისცენ", - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“მინდა ყველასთვის ნათლად განვმარტო, რუსეთის ხელისუფლება საკუთარი განცხადებებით მაქსიმალურად ეცდება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობის, დუღილის ტემპერატურის აწევას. გამომდინარე აქედან, ყველას მოვუწოდებ, რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების დღის წესრიგი განმსაზღვრელად ნუ გახდით. მათი განცხადებები ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის განმსაზღვრელი არ არის.

რა განცხადებას გააკეთებს კარასინი, რუსეთში საქართველოდან კერძო პირი ჩავა თუ არა და იქ მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები რა ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ კურსს არ ცვლის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია “შეუმჩნეველი არ დარჩენია“. მან რუსეთ-საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ “ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი“.

✕