1766497440
კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ალექსიძის ქუჩა დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ მერაბ ალექსიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
შესრულებული სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„ალექსიძის ქუჩაზე საბურთალოს რაიონის გამგეობამ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. აქ იყო საკმაოდ რთული მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობდა ტროტუარები, მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო ამორტიზებული და არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს ექმნებოდა უდიდესი პრობლემა, სარდაფები წყლით ივსებოდა. ყველაფერი სრულად მოწესრიგდა. პირველ რიგში, შეიცვალა მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. ასევე, პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ჩვენ გავაგრძელებთ მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას, საბურთალოს რაიონის გამგეობას იგივე სამუშაოები აქვს დაგეგმილი. გუშინ დავამტკიცეთ 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები და ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ ალექსიძის ქუჩის მიმდებარე ქუჩების სრული განახლება-რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, 15 000 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ტროტუარები. ტერიტორიაზე სრულად გამოიცვალა დაზიანებული წყლის მილები და სანიაღვრე ქსელი. საკომუნიკაციო ქსელები კი მიწისქვეშ განთავსდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დამონტაჟდა გარე განათების სისტემა; დაიხაზა ზებრა გადასასვლელები, მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსები. ასევე, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები.
პროექტის ღირებულება 2 800 000 ლარია.











