„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქართველი ხალხისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველია.
ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში „მწვანეთა პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ვესხმით თავს, არავის ვებრძვით, ჩვენ გვიწევს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ქვეყნის გარედან ვის აქვს უფლება, მათ შორის, თუნდაც დიდ სახელმწიფოებს, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს? - სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული. როგორ შეიძლება ჩვენ ევროპას, ამერიკას ვებრძოდეთ, თუმცა არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ თითის დაქნევით გველაპარაკოს და მოგვიწოდოს ისეთი რაღაცების კეთებისკენ, რომელიც ვიცით, რომ პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის დამღუპველი და გამანადგურებელია. არ გადავდგამთ მსგავს ნაბიჯებს.
ჩვენ მეგობრობაც შეგვიძლია, ურთიერთობაც, ამის მომხრეც ვართ, არაერთი განცხადებაც გავაკეთეთ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, ე.წ. დიფ სთეითზე, ქილიკი მიდიოდა, რომ თითქოს ჩვენ რაღაცებს ვიგონებდით, სანამ აშშ-ს პრეზიდენტი არ გამოვიდა და ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვა. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ყოველ წელს რევოლუციებს გიწყობენ ქვეყანაში და ეს თქვენ, როგორც ქართველს, როგორც ამ ქვეყანაში დაბადებულს, გსიამოვნებთ? მოგწონთ ეს ყველაფერი? გარედან უნდა იმართებოდეს ეს ქვეყანა? ყველამ გაიგოს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გიორგი გაჩეჩილაძის კიდევ ერთ კითხვას, რომელიც ევროკავშირის მიერ დაწესებული ცხრაპუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხებოდა, კახა კალაძე პასუხობს, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქართველ ხალხს გარედან თითის დაქნევით ელაპარაკოს.
„ბატონო გიორგი, მე მესმის, რომ თქვენ გარედან ფინანსდებოდით, მაგრამ დღეს არსებობს იმის შესაძლებლობა, შიგნიდან მიიღოთ ეს დაფინანსება. თუ თქვენ ქართულ საქმეს, კარგ საქმეს ემსახურებით, შეგიძლიათ, მიიღოთ ეს ყველაფერი შიგნით. ამის პლატფორმა არსებობს და შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს გარედან თითის დაქნევით ელაპარაკოს. კი არ უნდა გაბრაზდეთ, რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი“, - მიმართა კახა კალაძემ საკუთარ ოპონენტს.