1782476798
კახა კალაძე FARA-ს გამკაცრების გადაწყვეტილებაზე: ყველა ქვეყანა გამოდის თავისი ინტერესებიდან და ჩვენც უნდა გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, აშშ-მა გადაწყვიტა გაამკაცროს FARA-ს კანონი.
როგორც კალაძემ დღეს მედიასთან ამ საკითხზე საუბრისას და ქართული ოპოზიციის მხრიდან ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის გარდა, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს და არსებობს მხოლოდ აგენტურა.
„ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას. არსებობს აგენტურა და აგენტები, რომლებიც არიან კონკრეტული გარე ძალების წარმომადგენლები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები და ყოველთვის მიდიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის.
რაც შეეხება კონკრეტულ კანონებს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმიტომ არის, რომ დღემდე არავის პასუხი არ დაუბრუნებია და არგუმენტი არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროინტეგრაციას. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ამერიკაში კიდევ უფრო ამკაცრებენ FARA-ს კანონს.
ყველა ქვეყანა გამოდის თავისი ინტერესებიდან და ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ და გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც, პირველ რიგში, დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ქართველ ხალს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, ის გამოეხმაურა ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას და განაცხადა, რომ ის დაცლილია სამართლიანობისგან.
„ბევრჯერ გვინახავს ამ ტიპის რეზოლუციები, რომლებსაც ნამდვილად არანაირი ფასი არ აქვს, დაცლილია სამართლიანობისგან, სიმართლისგან, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე და მუქარაზე დაფუძნებული განცხადებებია. ამის მიზანი ვიცით, რაც არის - ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, მოახდინონ რევოლუცია და სათავეში მოიყვანონ თავიანთი ქვეშევრდომები, რომლებიც მათ დავალებებს, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს განახორციელებენ ყოველგვარი კითხვის გარეშე“, - აღნიშნა კალაძემ.











