შიდა ქართლის პოლიციამ ექვს კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

პოლიცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ექვს კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.