კახა კალაძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ყოველთვის კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„4 ოქტომბრამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია და ეს ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. არჩევნების დღეს კი, ამ ყველაფრის აღსრულებაში მოყვანა დაიწყეს. თუმცა, სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანია დაკავებული. გუშინ ბაჩო ახალაიაც დააკავეს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

ჩვენ არჩევნებამდე არაერთი მოწოდება გავაკეთეთ - მეც, პრემიერ-მინისტრმაც, რომ არ გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, რადგან სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს და ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება. ამის მიუხედავად, მაინც არ შეწყვიტეს მოქმედება. ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად აგებს პასუხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.