იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა რამდენიმე შემოგზავნილი ადამიანი შეეცადა რაღაც დისონანსი შეეტანა მიმდინარე აქციაში, მაგრამ ამ პროვოკაციას აქ მყოფი ადამიანები არ აყვნენ - გია ჯაფარიძე

გია ჯაფარიძე

 9 აპრილის ტრაგედიას ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პროვოკაციებისთვის იყენებენ - ასეთია შეფასება მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გარედან მართული ძალები ცდილობენ დაღუპულთა ხსოვნა და ქვეყნისთვის ეს ტრაგიკული თარიღი დაპირისპირების და ქაოსის საშუალებად აქციონ.

სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმაც. "9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ აქციის მონაწილეების მიმართ იგეგმებოდა პროვოკაცია, თუმცა დემონსტრანტები ამას არ აყვნენ და პარლამენტის წინ აქცია ახლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"აქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე როგორც ჩანს შემოგზავნილი ადამიანი შეეცადა, რომ რაღაც დისონანსი შეეტანა მიმდინარე აქციაში, მაგრამ როგორც მე დავინახე, ამ პროვოკაციას აქ მყოფი ადამიანები არ აყვნენ და თქვენც ხედავთ, რომ აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში", - აცხადებს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, დღეს 9 აპრილის მემორიალთან რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის წევრებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.