1738610084
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნასთან და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას. კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.
მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა პირდაპირ არ გავრცელდება, არიან მრჩევლები, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ჰყავდეს უცხოენოვანი მრჩეველი.