1744748868
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტები.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად გაიმეორებს ამავე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).
„არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე პარტიის აკრძალვა - ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტი. ამის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე და მე-60 მუხლები ადგენს სტანდარტებს, შეზღუდვებს, შესაბამის პროცედურებს, რაც შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდეს ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემდგომ სხვა სახელწოდების, თუ სხვა შეფუთვის საფარქვეშ მათი პოლიტიკური რეინკარნაციის პრევენციის მიზნით“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში დაზუსტდეს და მკაფიოდ გაიწეროს რეგულაციები, რომლებიც პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტს, მის იურიდიულ ძალას კიდევ უფრო სრულფასოვან მასშტაბს შესძენს და აკრძალული პარტიების ე.წ. მემკვიდრე პარტიების შექმნითა და საქმიანობით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევის შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს და დააზღვევს.
თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა არსებითად იმეორებს აკრძალული პარტიის მიზნებსა და საქმიანობის არსს. ამის პარალელურად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ზუსტდება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის შემჭიდროებული ვადები.
მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება სახელმწიფო სუვერენიტეტი და ამასთანავე, შეიქმნება დამატებითი სამართლებრივი გარანტები იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს შესაძლებელი პარტიული სისტემის გაჯანსაღება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.