1759260719
შალვა პაპუაშვილი: დიპლომატების გასაგონად ვიტყვი, რომ „ნაცმოძრაობა“ სისხლის სამართლის დანაშაულებს აანონსებს, „ენჯეოები“ გაიხმონ და აუხსნან, რას ნიშნავს სამართლებრივ ჩარჩოებში ყოფნა

ყველა ხმამაღლა მოლაპარაკე დიპლომატის, სოცქსელების დიპლომატის, დონორების თუ უცხოელი პოლიტიკოსების გასაგონად ვიტყვი, რომ „ნაცმოძრაობა“ ყოველდღე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას აანონსებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაული როდესაც მოხდება და სახელმწიფოს რეაგირება ექნება, მათი მხრიდან ნუღარ იქნება ნიანგის ცრემლები, რადგან „ნაცმოძრაობის“ სოლიდარობით წაქეზებულია სისხლის სამართლის დანაშაული.
„არჩევნებისთვის ხელშეშლა და ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა შიდა ტერორიზმია, პოლიციელზე თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის ეს დანაშაულებია დაანონსებული. „ნაცმოძრაობა“ 4 ოქტომბერს აანონსებს და აორგანიზებს სისხლის სამართლის დანაშაულებს. სირცხვილია, რომ დაანონსებულ სისხლის სამართლის დანაშაულებს სოლიდარობას ევროკომისია, მისი პრესსპიკერი უცხადებს. ამას ვუყურებთ, როგორც ერთიან გეგმას საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნების. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები 90-იანი წლების მდგომარეობას დიდი ხანია, გასცდნენ. არავის ექნება შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს და დაუსჯელი დარჩეს. ყველა ხმამაღლა მოლაპარაკე დიპლომატის, სოცქსელების დიპლომატის, დონორების თუ უცხოელი პოლიტიკოსების გასაგონად ვიტყვი – ყოველდღე, „ნაცმოძრაობა“ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას აანონსებს. „ენჯეოები“ ან გაიხმონ და აუხსნან, რას ნიშნავს სამართლებრივ ჩარჩოებში ყოფნა, ან როცა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი მოხდება და სახელმწიფოს რეაგირება ექნება, მათი მხრიდან ნიანგის ცრემლები ნუღარ იქნება, რადგან „ნაცმოძრაობის“ სოლიდარობით წაქეზებულია სისხლის სამართლის დანაშაული. დანაშაული როცა იქნება, რეაგირება იქნება და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, თუ „ენჯეოს“ მხრიდან ნიანგის ცრემლები არ დავინახოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.