ისრაელის ძალების მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერების გასაპროტესტებლად რამდენიმე ქვეყანაში აქციები გაიმართა

ისრაელი

ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

დემონსტრაცია გაიმართა იტალიაში. რომში პალესტინის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ქუჩების ბლოკირება მოახდინეს. ამასთან, იტალიურმა პროფკავშირებმა ფლოტილიის მხარდასაჭერად გაფიცვა დააანონსეს.

მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა თურქეთშიც. სტამბოლში ათასობით ადამიანი აშშ-ისა და ისრაელის საკონსულოების წინ შეიკრიბა. აქციის მონაწილეები თურქეთის მთავრობისგან უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითხოვდნენ ფლოტილიის დასაცავად. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი „ტერორისტული აქტის“ განხორციელებაში დაადანაშაულა. უწყებაში განმარტეს, რომ თავდასხმა საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

ამასთან, კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ბრძანება გასცა, რომ ისრაელის დიპლომატიური დელეგაცია ქვეყნიდან გააძევონ. როგორც ირკვევა, ისრაელმა ფლოტილიაში მყოფი ორი კოლუმბიელი დააკავა. ქვეყნის პრეზიდენტმა შეაჩერა კოლუმბიის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ისრაელთან.

პარალელურად, დემონსტრაცია ჩატარდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ.

ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილია თავდაპირველად 40-ზე მეტ გემს მოიცავდა, რომლებზეც დაახლოებით 500 პარლამენტარი, იურისტი და აქტივისტი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ისრაელის საზღვაო ძალებმა ფლოტილიის 13 გემი შეაჩერეს და ბორტზე მყოფი აქტივისტები, მათ შორის, გრეტა ტუნბერგი დააკავეს.

ფლოტილიის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში აღნიშნეს, რომ 30 გემი ღაზის მიმართულებით კვლავ მიემართება.

ცნობისთვის, ფლოტილია ცდილობს, ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ღაზაში მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებით.