"ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?! ეს უსამართლოა, მიუღებელია და ცდება დემოკრატიულ პრინციპებს" - დიმიტრი ხუნდაძე ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებაზე

დიმიტრი ხუნდაძე

ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდი ევროპული კონვენციის პრინციპების დარღვევაზე საუბრობს. "ქართული ოცნებისთვის" უპრეცედენტოა, როდესაც დემოკრატიის მთავარი პრინციპის - სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გამოყენება - კრიტიკის მიზეზია.

სახელისუფლებო გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უმაღლესი დონის საერთაშორისო ინსტიტუციების კონვენციებში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა დაუშვებელია.

"დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია, როცა ვინმეს სასამართლოში წასვლას უკრძალავენ, თუმცა, ჩვენ გვახსოვს ევრობიუროკრატების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, როცა ისინი ცდილობდნენ, სასამართლო საკუთარი კონტროლის ქვეშ აეყვანათ და, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზია მოეხდინათ საელჩოებში. ახლა უკვე მოინდომეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება, წავიდეს სასამართლოში. ანუ, გამოდის, რა - ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?! ეს უსამართლოა, მიუღებელია და ცდება დემოკრატიულ პრინციპებს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.

ევროსაბჭოს განცხადებას ორი ავტორი ჰყავს, - ესენი არიან საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები ბერნდ ფორინგერი და სტიუარტ დიკსონი.