1794553553
ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირი დღემდე არ იჯდა, არის სრულად ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის დამსახურება. ქალბატონ კალასს ამაში თავისი დიდი წვლილი აქვს შეტანილი - შალვა პაპუაშვილი
ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირი დღემდე არ იჯდა, ეს არის სრულად ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის დამსახურება. ქალბატონ კალასს ამაში თავისი დიდი წვლილი აქვს შეტანილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპელი ლიდერების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკვე ორი წელი გავიდა, რაც ახალი ადმინისტრაციაა და დღემდე არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლის ორმხრივი შეხვედრა.
"ეს არის უმწიფრობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის... არ არის გამოწვევა მხოლოდ ის, რომ შეიძლება რუსეთს არ უნდოდეს ზოგიერთ წარმომადგენლებთან საერთო მოლაპარაკების მაგიდაზე ყოფნა. ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც გაურბის პირდაპირ შეხვედრებს, გავიდა უკვე ორი წელი, რაც ახალი ადმინისტრაციაა და დღემდე არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლის ორმხრივი შეხვედრა. სულ იყო საერთო ფორმატებში და კონფერენციებში. საგარეო წარმომადგენლების მიმართ უნდობლობა თავად შიგნით ევროკავშირშიც არის. ჩვენ ვნახეთ, რომ აბუ-დაბის მოლაპარაკების რაუნდების შემდეგ, გუშინ ამერიკელი მომლაპარაკებლები იყვნენ მოსკოვში, შემდეგ დუბლინში ჩავიდნენ და განაცხადეს, რომ შემდეგ რაუნდზე, სავარაუდოდ, უკვე ევროკავშირის წარმომადგენლებიც იქნებიან. თუმცა, ვინც იქნება, დღემდე არ არის ცნობილი.
ქალბატონი კალასი ამბობს, რომ ის უნდა წარადგენდეს, მაგრამ ვიცით, რომ შიგნით ამაზე არ არის თანხმობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ, რომ ქალბატონმა კალასმა წარმოადგინოს ევროკავშირი ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში და ვხედავთ, რომ ხან ფინეთის პრეზიდენტი არის ჩართული, ხან ნორვეგიის, შემდეგ ერთმანეთს საყვედურობენ და ა.შ.
აი, ეს არის საერთო ჯამში ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის სურათი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. და მეორე, რაც შეეხება თავად ამ პრეტენზიას, რომელიც ჩვენ ქალბატონი კალასისგან მოვისმინეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებიც წყდება და ამიტომ ჩვენც იქ უნდა ვიყოთო და მოლაპარაკების მაგიდაზე მხარე არის უკრაინა. და რა გამოდის? რომ უკრაინას ანდობენ, რომ ევროკავშირის ტერიტორია თავისი სისხლით დაიცვას და არ ანდობენ, რომ ევროკავშირის ინტერესები სიტყვით დაიცვას? მე მგონი, ვინმეს თუკი იმ მაგიდაზე აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება, არის სწორედ უკრაინა. იმიტომ, რომ მან სისხლით დაიმსახურა ეს უფლება, ისაუბროს ევროპის უსაფრთხოებაზე, ისაუბროს შესაძლო გადაწყვეტის საკითხებზე, მომავალ უსაფრთხოების სისტემაზე, მან, უკრაინამ, დაიმსახურა სისხლით. არცერთი წვეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნებს თავისი სისხლისა არ დაუღვრიათ ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში მონაწილეობის მიღების დასამსახურებლად. არცერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრია არც ესტონელს, არც ფრანგს, არც გერმანელს. სისხლი დაღვარა უკრაინამ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.











