1766560850
ირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოება სამართლიანად ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა თითოეულ მოქალაქეზე ასე ეფექტურად არ აისახება, არსებობს სუბიექტურ მიზეზთა წყება, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია
საზოგადოება სამართლიანად ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანას აქვს, ხშირ შემთხვევაში, თითოეულ მოქალაქეზე ასე ეფექტურად არ აისახება. რა თქმა უნდა, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, პრემიერის განცხადება აჩვენებს, რომ არსებობს სუბიექტური მიზეზები, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია.
„სუბიექტური მიზეზების გადაჭრა შედარებით უფრო ხელეწიფება ხელისუფლებას, ვიდრე ობიექტური მიზეზების, რომელთა გადაჭრას უფრო მეტი დრო და გარე, სხვა პირობები სჭირდება. პრემიერის განცხადება გვაჩვენებს, რომ არსებობს სუბიექტურ მიზეზთა მთელი წყება, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია და მან კონკრეტული სამუშაო გეგმაც დასახა. რა თქმა უნდა, საკითხი ასე ადვილად მოგვარებადი არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ უნდა მოიძებნოს გზა, საშუალებები და რეზერვი, სად და როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესთან ერთად, რომ ბიზნესმა გამართულად იფუნქციონიროს და ამავე დროს, მოსახლეობამ რელევანტურ ფასში შეიძინოს პროდუქტები. ამას შევხედოთ, როგორც სამართლიანი, კორუფციისგან, ან კარტერული შეთანხმებებისგან დაცლილი და ღია, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ნაბიჯად“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან ფასების შემცირების მიზნით. კობახიძის თქმით, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შექმნას.











