ირაკლი კობახიძე: წინა შემთხვევაში მოძალადეების დაახლოებით სამი პროცენტის იდენტიფიცირება შევძელით, თუ იქნება ძალადობა, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი

ირაკლი კობახიძე

ყველას მინდა დავპირდეთ, თუ წინა შემთხვევაში, ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით სამი პროცენტის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონკრეტული მითითებები აქვთ სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა.

„ჩვენ არა მხოლოდ მოვუწოდებთ, კონკრეტულ მითითებებსაც ვაძლევთ სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა და კანონის აღსრულება. ეს არის პირდაპირი ჩვენი მითითება და ბუნებრივია, ასეთია ჩვენი საჯარო მოწოდება. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე ნუ იდარდებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა, საზრუნავი ამ შემთხვევაში არის მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავპირდეთ, რომ თუ წინა შემთხვევაში, ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით სამი პროცენტის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.