ირაკლი კობახიძე: ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, თუმცა ამის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესები და ორმაგი სტანდარტები

ირაკლი კობახიძე

ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არამარტო, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვიდეულის ქვეყნებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რჩება მუდმივი მზაობის რეჟიმში, გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი რაც უკავშირდება, მათ შორის საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობებს.

„ რაიმე კვლევა თუ ეფუძნება ფაქტებს, ყველგან საქართველო არის მოწინავე. თუმცა ამის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესები, ორმაგი სტანდარტები და სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რასაც ვხედავთ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ბიუროკრატების მხრიდან, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მხრიდან. ჩვენ ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა ხედავთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ ვრჩებით მუდმივი მზაობის რეჟიმში, მუდმივად ვართ მზად იმისათვის, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, რაც უკავშირდება, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობებს“, – განაცხადა კობახიძემ.