სრულიად შემთხვევით, ქალბატონი ნინო (ქადაგიძე ჟვანია) იყო ნიკოს საფლავთან... - ნიკო კვარაცხელიას დედა
1771326747
ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში განაცხადა და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მიმართა.
მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრების განცხადებები სიცრუესა და პროპაგანდაზეა აწყობილი.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩემს წინა გამომსვლელს, ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს და შევახსენო ის, რასაც ხშირად ვახსენებთ ხოლმე. დიდ ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, სტუმრებს ამ გამოთქმისთვის, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა ის, რაც თქვენი შემხედვარე პირველი მომდის თავში არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოებას. როგორი საცოდავი სანახაობაც იყო ერთი წლის თავზე თქვენი შემოპარვა ამ შენობაში, დარბაზში, ასეთივე საცოდაობაა ყურება თითოეული თქვენი გამოსვლის, რომელიც აწყობილია იმ სიცრუეზე, პროპაგანდაზე, მესიჯებზე, რომელიც მოგდით პატრონებისგან, ასე უტიფრად ახმოვანებთ. რაც შეეხება თქვენს აქ ყოფნას, კარგად უნდა გახსოვდეთ, რა სცენარის ნაწილი იყავით თითოეული თქვენგანი, ვინც დარჩით, თუ მოგიწიათ აქ შემოსვლა – იმ დივერსიფიცირების სცენარის ერთ-ერთი რეზერვის ნარჩენი. საზოგადოება თქვენს პატრონებთან, გაქცეულ ლიდერთან ერთად შეიყვანეთ შეცდომაში, რაშიც ძალიან კარგად, ვენის კონვენციის სრული დარღვევით გეხმარებოდნენ გარე ძალები და მათი წარმომადგენლები. საზოგადოების რაღაც ნაწილი შევიდა შეცდომაში და მიიღეთ ის მანდატები, რომელი მანდატებიც გაქვთ. სწორედ 12 ცარიელი ადგილი იყო შემონახული იმ დივერსიფიცირების სცენარში. კარგად გაზომეს, ერთ წელიწადში სად მიდიოდა მათი გზა. თქვენც კარგად გაზომეთ, როგორი ლუსტრაცია მოხდა მთელი თქვენი კოლექტიური აგენტურული ბანდისა და რა მიიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმ ისტორიული შედეგის დროს, რაც ჩვენი გუნდისთვის განმეორდა ერთწლიან ჭრილში და სად ხართ დღეს, თვითმმართველობების წარმომადგენლები.
დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს. ამ ყველაფერზე როგორ გიტრიალდებათ ენა, როდესაც მისი ბრძანებით ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს. სტრასბურგის გადაწყვეტილებას მაინც გაეცანით. საქმე მიმდინარეობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როგორ გიტრიალდებათ ენა, შუბლის ძარღვი გაიწყვიტეთ? არც გქონდათ და რაც არ გაქვს, ალბათ, იმას ვერც გაიწყვეტ. უარი უთხრა საზოგადოებამო. ვინმეს და რამეს თუ უარი უთხრა საზოგადოებამ, ეს ხართ თქვენ და თქვენნაირები, აგენტურა. უბრალოდ, 12 ცარიელი ადგილი ხართ შემოპარული პარლამენტში. შემოგაპარეს, რადგან დავალება ჰქონდათ. ასე რომ, გრცხვენოდეთ თითოეული იმ განცხადების, რასაც აკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.