ირაკლი კირცხალია: სწორი, გამართლებული პრაქტიკაა, რომ სამთავრობო ქალაქი და ყველა ინსტიტუცია ერთ უბანში იყოს მოქცეული, ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა და ბაზრის კვლევა დაიწყო

ირაკლი კირცხალია

სწორი და გამართლებული პრაქტიკაა, რომ სამთავრობო ქალაქი და ყველა ინსტიტუცია ერთ უბანში იყოს მოქცეული, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით ჯერ ბაზრის კვლევა არის გამოცხადებული.

„პარლამენტის შენობას არაფერს ვერჩით და არ ვუწუნებთ. პრემიერმა განცხადება გააკეთა, ჯერ ბაზრის კვლევა არის გამოცხადებული. პრემიერის გაცხადებული პოლიტიკაა ხარჯთეფექტურობა, ოპტიმიზაცია, საჯარო დაწესებულებებში სამუშაო ეფექტურობის გაზრდა. იდეაა, რომ ერთი ცენტრალიზებული ქალაქი გაკეთდეს ისე, რომ თანხები ქვეყნის ბიუჯეტიდან არ წავიდეს, პირიქით, ისეთი ინვესტიციებით დაფინანსდეს, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სერიოზული სტიმული იქნება ეკონომიკისთვის. ჯერ მსჯელობა მიმდინარეობს და ბაზრის კვლევა დაიწყო. ეს არც ერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს. სამთავრობო ქალაქი და ყველა ინსტიტუცია რომ ერთ უბანში იყოს მოქცეული, სწორი და გამართლებული პრაქტიკაა. ეს გამოცდილია სხვადასხვა ქვეყანაში. იდეა კარგია. როდესაც ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, პირდაპირ პროპორციულად კონვერტირდება სწორედ იმ იდეაში, რომელსაც ჰქვია ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნა“, – განაცხადა კირცხალიამ.

კითხვაზე, ხომ არ ხდება მოსახლეობისგან იზოლირება?, კირცხალიამ აღნიშნა:

„კი, დიდი გალავანი უნდა გავაკეთოთ, წყალს გავაკეთებთ და ნიანგებს გავუშვებთ, კარგით, რა“.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: „ გვაქვს გეგმა, რომ შეიძლება, კონკრეტული უწყებების შენობები გასხვისდეს, რათა იმავე ფასად შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას“.