ირაკლი კირცხალია მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობაზე: ეს არის უმნიშვნელოვანესი რეგიონულ ჭრილში იმიტომ, რომ როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროები, ასევე საქართველო, რეგიონში საკვანძო ადგილს იკავებენ

ირაკლი კირცხალია

ეს არის პირველ რიგში უმნიშვნელოვანესი რეგიონულ ჭრილში იმიტომ, რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროები, ასევე საქართველო, რეგიონში საკვანძო ადგილს იკავებენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის შეფასებისას „დღის ქრონიკაში".

მისი შეფასებით, ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და სამიტია ისევე, როგორც ყველა ის ვიზიტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური.

„ხაზგასასმელია, რომ 6 000 დელეგატზე მეტი იღებს ამ სამიტში მონაწილეობას, 30 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია წარმოდგენილი, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყანაზე მეტი სამთავრობო დელეგაციები არიან წარმოდგენილი ამ სამიტზე", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მან აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველოს მთავრობისა და პრემიერის მონაწილეობა ბევრი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი და მათ შორის, მთავარი მიმართულებებიც გამოყო.

„ეს არის პირველ რიგში უმნიშვნელოვანესი რეგიონულ ჭრილში იმიტომ, რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროები, ასევე საქართველო, რეგიონში საკვანძო ადგილს იკავებენ. საქართველო ერთგვარი კარიბჭეა აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება, ეს გეოგრაფიაა და ეს არის გეოპოლიტიკა. ასე რომ, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული კუთხით თუ შევაფასებთ ამ ყველაფერს, პოლიტიკური ასპექტი რომ ვთქვათ ეკონომიკურთან ერთად იმიტომ, რომ ეს ერთი-ორად ამყარებს და ზრდის ჩვენს პოტენციალს და როლს „შუა დერეფნის“ ასპექტში, ისეთ ქვეყანასთან, როგორიც არის არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩვენი ურთიერთობა ასეთი ვიზიტებით რა თქმა უნდა უფრო ახალ ეტაპზე გადადის და ღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა.

პრემიერმა მიმართა სამიტის მონაწილეებს და ხაზი გაუსვა პირველ რიგში, იმ ეფექტურ პოლიტიკას, რაც გამოწვეულია პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით - თუ რა დონეზე აქ მნიშვნელობა ნებისმიერი ქვეყნისთვის სამშვიდობო და პრაგმატულ პოლიტიკას, ეკონომიკაზე რა ზეგავლენას ახდენს.

მან ასევე ისაუბრა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ კარგად გვახსოვს სულ რამდენიმე კვირის ის მართლაც, ისტორიული შეთანხმება და მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა ჩვენ ქვეყანასა და EMAAR ჯგუფსა და Eagle Hills შორის. 6 მილიარდზეა საუბარი. ეს მართლაც უპრეცედენტო და ისტორიული შეთანხმებაა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამყარებაა ეს ვიზიტიც და შეხვედრებიც, რომლებიც მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ

მან ასევე აღნიშნა, რომ აქ არ არის მხოლოდ საინვესტიციო და ეკონომიკური საკითხები.

„ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული. აქ შემოდის უსაფრთხოების საკითხები იმიტომ, რომ როდესაც ასეთი ძლიერი ჯგუფები შემოდიან და ამ დონის ინვესტიციის ახორციელებენ შენს ქვეყანაში, ესე იგი ისინი დარწმუნებულები არიან შენს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში და უსაფრთხოებაში. რა თქმა უნდა, ასევე, აძლიერებენ შენს უსაფრთხოებას, ქვეყნის უსაფრთხოებას. არ დაგვავიწყდეს პორტი, სხვა უამრავი მაგისტრალი, უამრავი მეგაპროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და რომლისთვისაც მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკა, ეფექტიანი მმართველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.