ირაკლი ხელაძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: ადამიანებს უფრო მეტად შეეძლებათ გააზრება, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესებში აუცილებელია საკუთარ ქვეყანაში ჩასვლა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება

ირაკლი ხელაძე

„ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უფრო მაღალ სტანდარტზე ასაყვანად და დასაცავად. არგუმენტი, რომ თითქოს ჩვენ ადამიანებს ვართმევთ საარჩევნო ხმის მიცემის უფლებას, არის ძალიან დიდი სიცრუე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ზუსტად ის პოლიტიკა გააგრძელოს, რასაც ამ ხნის განმავლობაში სთავაზობს საზოგადოებას.

„ადამიანებს უფრო მეტად შეეძლებათ გააზრება, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესებში აუცილებელია საკუთარ ქვეყანაში ჩასვლა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. სხვადასხვა ქვეყნიდან ვხედავთ მცდელობებს, როგორ ესხმიან თავს ჩვენს სახელმწიფოს, როგორ ცდილობენ ჩაერიონ ქართულ პოლიტიკაში და ამ კანონმდებლობით ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დავაზღვიოთ. იმ გზაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობის ხარისხის და სუვერენიტეტის გაზრდა, ეს ყველაფერი ჩვენ ხელს შეგვიწყობს“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

მმართველმა გუნდმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დააანონსა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი წლის ბოლომდე „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გეგმავს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების - უცხოეთში მყოფი პირების - არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.