1763571120
ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის
ევროკომისია „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმილია სამხედრო მობილობის გაზრდა ევროპაში, რომლის ფარგლებში ჯარებს, აღჭურვილობას და სამხედრო აქტივებს შეეძლებათ სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილება.
„მშვიდობის დაცვისა და ჩვენი კონტინენტის თავდაცვის მზადყოფნის გაზრდის გეგმებზე დაყრდნობით, ევროკომისიამ წარმოადგინა ზომების ერთობლიობა, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის სამხედრო მობილობას მთელ ევროპაში. ეს ზომები შექმნის ევროკავშირის მასშტაბით სამხედრო მობილობის ზონას, სადაც ჯარებს, აღჭურვილობასა და სამხედრო აქტივებს შეეძლებათ სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროკომისიის ცნობით, „სამხედრო შენგენი“ შემდეგ ზომებს მოიცავს:
მოხსნის მარეგულირებელ ბარიერებს, მაგალითად, ერთიანი ნებართვის პროცედურის არსებობას სამხედრო აღჭურვილობის გადასაადგილებლად ევროკავშირის 27 ქვეყნისთვის;
შეიქმნება საგანგებო ჩარჩო დაჩქარებული პროცედურებისა და ინფრასტრუქტურაზე პრიორიტეტული წვდომისთვის;
გააუმჯობესებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას, ევროკავშირის სამხედრო მობილობის ძირითადი დერეფნების სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების სტანდარტებამდე განახლებით და სტრატეგიული სამოქალაქო/სამხედრო ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებითა და დაცვით ახალი მდგრადობის ინსტრუმენტების გამოყენებით;
მმართველობისა და კოორდინაციის გაძლიერებას;
ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ნატო-სთან და სხვა პარტნიორებთან.
ამას გარდა, ევროკომისიამ ასევე სახელმძღვანელო წარადგინა, რომელიც სამხედრო სფეროში რევოლუციურ ინოვაციებს შეუწყობს ხელს და ევროპის თავდაცვით მრეწველობას გააძლიერებს.
ევროკომისიის ინფორმაციით, სამხედრო მობილობის ზომები ახლა საბჭოსა და ევროპარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.












