ირაკლი ხელაძე: რა წერია ამერიკის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში - რასაც ჩვენ წლებია, ვამბობთ. შესაბამისად, ევროკავშირის არც ერთი წარმომადგენლისგან, მათ შორის ელჩისგანაც არაფერი უნდა გაგვიკვირდეს

ირაკლი ხელაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის, მათ შორის საქართველოში გერმანიის ელჩის პოზიცია შეაფასა.

დეპუტატის განცხადებით, ფიშერის მხრიდან ამ სტრატეგიაში მოყვანილი ფაქტების აღიარება „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარება იქნება.

უმრავლესობის წევრმა ასევე გერმანიის ელჩის პოზიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიშერი სრულიად სხვა პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს ქვეყანაში, სადაც ის იმყოფება.

„კარგად ვხედავთ მის დამოკიდებულებას, მის მიკერძოებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. მისი მხრიდან იმის აღიარება, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში მოყვანილი ფაქტები არის სიმართლე, გარკვეულწილად ნიშნავს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებას, „ქართული ოცნების“ იმ განცხადებების დადასტურებას, რასაც წლებია, ვისმენთ.

რა წერია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში - რასაც ჩვენ უკვე წლებია, ვამბობთ საზოგადოების წინაშე. იქ მოყვანილია ფაქტები მიგრაციასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ დიდი საფრთხეები შეუქმნა ტრადიციულ ევროპულ ქვეყნებს მიგრაციასთან დაკავშირებით დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის გაუგონარმა პოლიტიკამ. ისტორიული ქვეყნები, ევროპული სახელმწიფოები იდენტობის დაკარგვის ზღვარზე არიან. ევროკავშირის ეკონომიკაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

2008 წელს ევროპის კონტინენტის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30% და აი, ამ გარკვეული ოლიგარქიული ჯგუფების დავალებებით მართვის გაუგონარმა სტილმა ამ ზომამდე მიიყვანა ევროკავშირი. ამის ფონზე კარგად ხედავთ, თუ რა ხდება საქართველოში.

შესაბამისად, ჩვენ ევროკავშირის არც ერთი წარმომადგენლისგან, მათ შორის ელჩისგანაც არაფერი უნდა გაგვიკვირდეს”, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მან მოლდოვასა და საქართველოსთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების პოზიციაზეც ისაუბრა.

„ესენი არიან ის ადამიანები, ვინც განსხვავებას ვერ ხედავენ მოლდოვასა და საქართველოს შორის. რეალურად მოლდოვასა და საქართველოს ეკონომიკებს შორის სხვაობა ბოლო 4 წელიწადში 11 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამის ფონზე საქართველოზე წინ აყენებს მოლდოვას როგორც ფიშერი, ასევე ჰერჩინსკი და ამბობენ, რომ როდესაც გაფართოების საკითხს ეხება საუბრები, გაცილებით წინაა მოლდოვა.

უკრაინაზე აღარ არის საუბარი. კარგად ვხედავთ, რა მდგომარეობაშია უკრაინა - გაუბედურებული, დანგრეული, მიწასთან არის გასწორებული ნახევარი უკრაინა. 25% დამატებით კიდევ ოკუპირებულია და კიდევ რა მძიმე შედეგები დადგება, სანამ ეს ომი დასრულდება, არავინ იცის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა, იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოა, უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, თუნდაც, ქვეყნის გარეთ და უფრო მეტჯერ დამტკიცდება ჩვენი სიმართლე, რომ გარკვეული პერიოდების განმავლობაში რასაც „ქართული ოცნება“ რასაც ამბობდა, ყველაფერი იყო სიმართლე”, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის და ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასება „ქრონიკამ“ გერმანიის ელჩს სთხოვა, რაზეც თავდასხმა მიიღო.

„ეს ამერიკის სტრატეგიაა. მე რატომ მეკითხებით? მე აქ არ ვართ იმისთვის, რომ ქართული პროპაგანდისთვის კონტენტი მოგაწოდოთ", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.